logo
ENG



ანა ფოტიგა: ხშირად პოლიტიკურ ოპონენტებს სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდებებს უყენებენ

24 ივნ 202020:11
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრობს. ევროპარლამენტარი იმედს გამოთქვამს, რომ 2020 წლის ოქტომბერში გასამართი არჩევნები მშვიდობიან, თანაბარ და სტაბილურ გარემოში ჩატარდება, თუმცა მანამდე შეთანხმება სრულად იქნება შესრულებული და გიორგი რურუა საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.

მისივე განცხადებით, ხშირ შემთხვევაში საქართველოში პოლიტიკურ ოპონენტებს სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდებებს უყენებენ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს ლობისტებისგან წერილები მისდით, სადაც საქართველოს პროგრესზე არის საუბარი.

„ჩვენ ევროპარლამენტარები, განსაკუთრებით საგარეო კომიტეტის წევრები აქტიურად ვადევნებთ თვალს როგორ სრულდება რვა მარტის შეთანხმება, ეს შეთანხმება მიღწეული იქნა ფართო კონსენსუსით. იმედი გვქვს არჩევნები ჩაივლის მშვიდობიან, თანაბარ და სტაბილურ გარემოში. ჯერ კიდევ არის დრო და იმედია რვა მარტის შეთანხმება იქნება სრულად შესრულებული, მათ შორის გიორგი რურუას ნაწილში, რაც ევროპარლამენტში სხდომის დროს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემაც გაიმეორა. ოპონენტების დაკავება არის დაშინების და თავისუფალი არჩევნებისთვის ძირის გამოთხრის ყველაზე ცუდი გზა. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ევროატლანტიკური მისწრაფების მომხრეა, მათ სურთ დამოუკიდებელი საქართველო, რუსეთის გავლენების გარეშე.

სამწუხაროა რომ, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ ოპონენტებს სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდებებს უყენებენ. გიორგი რურუას საქმეს კარგად ვიცნობ იმ პოლიტიკოსებისგან ვისაც ვენდობი და ასევე საგულისხმოა რომ, ის დამოუკიდებელი მედიის ერთ ერთი მფლობელია. ევროპარლამენტი აწარმოებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების ყოველდღიურ მონიტორინგს. დარწმუნებული ვარ რომ როგორც ევროპარლამენტის ჯგუფი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებიც ყოველდღიურად გაუწევენ მონიტორინგს და დააკვირდებიან მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. ამისთვის უამრავი სახის ბერკეტი გვაქვს.

გულახდილად რომ გითხრათ შეშფოთებული ვარ, რადგან ვფიქრობ, გასული წლის ოცი ივნისის შემდეგ ის პოლიტიკოსები რომლებიც წარმოადგენდნენ ქართულ ოცნებას საგარეო საკითხებში და ჰქონდათ კარგი გამოცდილება, წავიდნენ მმართველი გუნდიდან. ისინი ჩაანაცვლეს ნაკლები გამოცდილების მქონე ადამიანებმა და ეს საკმაოდ შესამჩნევია. ჩემი აზრით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რომ პარლამენტში უფრო ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი ის დეპუტატები, რომლებიც უკეთ გაუძღვებიან ქვეყანას ევროსტრუქტურებისკენ, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.

ჩვენ ვხედავთ ლობისტურ საქმიანობას, ევროპარლამენტარებს გვიგზავნიან სხვადასხვა წერილებს იმის აღსანიშნად, რომ საქართველოში პროგრესია. თუმცა თქვენს ქვეყანას ისეთი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა და რთული ისტორია აქვს, რომ ვფიქრობ, საჭიროა უკეთესი წარმომადგენლები ჰყავდეს, რომლებიც შეძლებენ დაიცვან საქართველოს ინტერესები და ხელი შეუწყონ ქვეყნის ევროინტეგრაციას“, - განაცხადა ანა ფოტიგამ.


close დახურვა