ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფოთის პორტის საკითხის წამოწევით მთავრობა ანაკლიის პორტის თემის გადაფარვას ცდილობს.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საქმეში რუსული ინტერესები იკვეთება და პორტის აშენება მოქმედი მთავრობის პირობებში შეუძლებელი ხდება.
„ლელოში“ამბობენ, რომ საქართველო ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაშია და ანაკლიის პორტი დაეხმარებოდა ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში. ისინი პასუხობენ მთავრობის ბრალდებებს და ამბობენ, რომ ჯაფარიძისა და ხაზარაძის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების პირობებში ინვესტორები თავს იკავებენ
„ქვეყანაში, სადაც არ არსებობს სასამართლო და სადაც კონკურენტებს ებრძვიან ამ მეთოდებით, როგორითაც ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ებრძვიან, როცა ასეთ მძიმე ბრალდებას ინვესტორს წაუყენებ - არცერთი მათგანი არ იქნება მოტივირებული, რომ ასეთ პროექტში ფული ჩადოს. როცა არის პარტნიორების მხრიდან ეკონომიკის ახალი ძალით ამუშავებაზე, იქ ფოთის პორტი არ ფიგურირებს. რა თქმა უნდა, ის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის კონკურენციას ანაკლიას მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ვერ გაუწევს", - აცხადებს კახა კოჟორიძე.
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ანაკლიის პროექტი კლანურ ინტერესებს, კონკრეტულად კი, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ინტერესებს ეწირება და მათი აზრით, ორი პორტის კონკურენტებად ქცევა ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ანაკლიის კონსორციუმთან მთელი საგა არის იმის შედეგი, რომ ისინი ლობირებენ კლანურ, ჩხარტიშვილის ინტერესებს, რაც ხელს აძლევს რუსეთსაც. ასე სარგებლობს რუსეთი და კლანები, თუმცა ზიანდება ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები. მთავრობა, რომელიც იმოქმედებდა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მოახერხებდა - ფოთის და ანაკლიის პორტები ერთმანეთის კონკურენტებად კი არ ექცია, არამედ ჩაეყენებინა ქვეყნის სამსახურში", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ფიქრობენ, რომ ანაკლიის პროექტისთვის მიმზიდველობის დაკარგვით ფოთის პორტის წინა პლანზე წამოწევა რუსეთის ინტერესებს ემსახურება - მათი შეფასებით, ეს დანაშაულია.
„მთავრობამ იცოდა, რომ ეს პროექტი იყო გასაწირი რუსეთის ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ეს არის დანაშაული - ეს არაა შეცდომა. რაც შეეხება ანაკლიისთვის მიმზიდველობის დაკარგვას - აამუშავეს ფოთის პორტის თემა. ფოთი ვერასდროს გახდება ღრმაწყლოვანი, ფოთის წამოწევა იყო ანაკლიის პროექტის ჩაძირვის ერთ-ერთი კომპონენტი და ყველა გზა იხმარეს ანაკლიის პროექტის შესაჩერებლად", - განმარტავს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის მიერ გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფოთის პორტიც იქნება ღრმაწყლოვანი - მისივე თქმით, ტერმინის პოლიტიზირება ხდება.