logo
ENG



ანას ბაღი: მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ მშენებელს კორპუსის აშენების უფლება მისცა

05 მაი 202014:47
3 წუთის საკითხავი
 

„ანას ბაღის მცველები“ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიას კვლავ შეეძლება კორპუსის აშენება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

„მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ გადაწყვიტა წრეზე გვატაროს და ამასობაში მშენებელს უფლება მისცა ააშენოს კორპუსი.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ჩვენ შევიტანეთ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოვითხოვეთ დავის დასრულებამდე მშენებლობის შეჩერება. პირველმა ინსტანციამ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და გამოსცა განჩინება მშენებლობის შეჩერების შესახებ. სამშენებლო კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა განჩინება. სააპელაციო სასამართლომ შუა პანდემიისა და კარანტინის პირობებში ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოთხოვნა, მშენებლობის გაგრძელების უფლება მისცა მშენებელს და საქმე დაუბრუნა პირველ ინსტანციას რათა ხელახლა ემსჯელა საკითხზე. პირველმა ინსტანციამ, რომელმაც შეაჩერა მშენებლობა თქვა, რომ შევცდი პირველ ჯერზე და უფლებას ვაძლევ მშენებელს ააშენოსო. წრეზე გვიწევს სიარული, ამ გაუვალ ლაბირინთებში იკარგება სამართლიანობა. ეხლა ჩვენ გვიწევს სააპელაციოში გავასაჩივროთ, ისევ იქ სადაც უკვე ვიყავით. ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ ევროპულ სასამართლომდე მისასვლელი გზა ჩვენთვის ხანგრძლივი და დამღლელი იყოს.

რათქმაუნდა ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ყოველი ხელოვნური ბარიერი, რომელსაც ხელისუფლება გვიქმნის ჩვენ უფრო გვაბრაზებს და მეტად გვინდა სამართალმა იზეიმოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილის ინფორმაციით, რომელიც „ანას ბაღის დამცველებმა“ გაავრცელეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის შეჩერების გადაწყვეტილება - მოსამართლემ "ანას ბაღთან" მშენებლობის გაგრძელების ნება დართო მშენებელს დავის დასრულებამდე.

ამავდროულად, თბილისის სააპელაციო სასამართლომაც გააკეთა საპასუხო განცხადება სადაც ნათქვამია, რომ მედიისა და პრესის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა, არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორ სამართლებრივ და ფაქტობრივ ინტერპრეტაციას.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ანას ბაღის გადარჩენისთვის ბრძოლა 3 წლის წინ დაიწყო. 2017 წელს აქ მშენებლები პირველად გამოჩდნენ და მათ ეზოში ტერიტორია სამშენებლო ღობით შემოღობეს. მშენებლობის ნებართვა თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ გასცა, ხარვეზების გამო მოქმედმა მერმა შეაჩერა. თუმცა, მალევე მშენებლობა ისევ განახლდა და „ანას ბაღთან“ მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. 

მშენებლობის დაწყებას ადგილობრივები ყველა ხერხის გამოყენებით შეეწინააღმდეგნენ, მძიმე ტექნიკას წინ გადაუდგნენ და პარალელურად სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყეს. 


close დახურვა