10 იანვარს, ვარკეთილში, ანას ბაღის ტერიტორიაზე, ხმაურისა და დაპირისპირების შემდეგ 10 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ექვსი, რომლებსაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, სასამართლოში გადაიყვანეს. პროცესი გადაიდო, თუმცა მოსამართლემ დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლა. დანარჩენი 4 პირი, პოლიციამ ხელიწერილის საფუძველზე გაუშვა.
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარემ საქმის გადადების შუამდგომლობა დააყენა, საქმის მასალების გამოთხოვის მიზნით, ასევე ადვოკატის განცხადებით, მომდევნო პროცესი 15 იანვარს არის დანიშნული.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, გიორგი ფხალაძე, ბრალს არ აღიარებს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა საქმის გადადების თაობაზე, მათ შორის ერთ-ერთი საფუძველი ის იყო, რომ დამატებითი მტკიცებულებები არის გამოსათხოვი, შემდეგი პროცესი ჩაინიშნა 15 იანვარს 12:00 საათზე და ჩვენ შევაფასებთ ყველანაირ სიტუაციას, რა მტკიცებულებების გამოთხოვა შეიძლება მოხდეს ობიექტურად, საქმისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს მოვიძიებთ და წარმოვადგენთ სასამართლოში“, -განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, დღეს დილიდან ანას ბაღის ტერიტორიაზე ხმაური და დაპირისპირება იყო, ერთმანეთს დაცვის სამსახური და ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. ადგილობრივები ცდილობენ, სამშენებლო კომპანიას არ მისცენ ბაღის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალება.