საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და როგორი იქნება ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ამის შესახებ საუბრობენ ევროპარლამენტში, სადაც პარალელურ რეჟიმში ორი შეხვედრა იმართება. არასამთავრობო ორგანიზაციები პირადად აწვდიან ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა სულ ცოტა ხანში დაიწყება ერთადერთი საკითხი რასაც შეხვედრაზე განიხილავენ, ეს არის მოვლენები საქართველოში, შეხვედრაზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები.
შეხვედრის დაწყებამდე „ფორმულასთან“ კომენტარი გააკეთეს ევროპარლამენტის წევრებმა, პეტრას აუსტრევიჩუსის თქმით, საქართველოში პოლიტიკური ვითარება ჩიხშია შესული, ევროპარლამენტის წევრი უარყოფითად აფასებს ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას დემონსტრანტების მიმართ, მისი თქმით პოლიტიკური ელიტის მხრიდან საჭიროა მოთმინება და ტოლერანტობა, ასევე აუსტრევიჩუსის თქმით, ევროპას საქართველოსთან აქვს ასოცირების შეთანხმება, რაც უნდა შესრულდეს.
„საქართველოში სიტუაცია ჩიხშია შესული, რადგან პოზიცია და ოპოზიცია ვერ თანხმდება საარჩევნო კანონის რეფორმაზე, გვაღელვებს ის რაც ქვეყანაში ხდება, დემონსტრანტების მიმართ ძალა იყო გამოყენებული ეს არ არის სწორი მიდგომა, იმ ხალხის მიმართ ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვთ, საჭიროა მოთმინება და ტოლერანტობა პოლიტიკური ელიტის მხრიდან, ვიმედოვნებთ, რომ ეს მოვლენები არ შეაჩერებს საქართველოში რეფორმებს, ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება საქართველოსთან და ის უნდა შესრულდეს“,-განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.
მიმდინარე კვირის ბოლოს თბილისში ევრონესტის დელეგაცია ჩამოდის, რომლის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსია, მისი თქმით თბილისში მიმდინარე მოვლენებზე ისინი მეტ ინფორმაციას ადგილზე გაიგებენ.
„გვაშფოთებს საქართველოში არსებული სიტუაცია, ის რომ დაპირებები არ სრულდება, ალბათ უმრავლესობა ფიქრობს როგორ გამოიყენოს არჩევნები თავის სასარგებლოდ, ევროპარლამენტი დიდ ყურადღებას დაუთმობს როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, კარგია, რომ დიალოგი შედგა მაგრამ ის უნდა გაგრძელდეს. კვირის ბოლოს გვექნება ევრონესტის შეხვედრა და დიალოგს მხარს დავუჭერთ, თუმცა მმართველო პარტიის ნებაზეა დამოკიდებული, რომ აჩვენოს ევროპას თუ რას ნიშნავს ნამდვილი დემოკრატია“,-განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.