„ქართულმა ოცნებამ“ 30 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატთა სიაში ისეთი პოლიტიკოსებიც მოხვდნენ, რომლებიც დეპუტატის სავარძელს წინა ხელისუფლების პერიოდშიც იკავებდნენ.
მათ შორის ერთ-ერთი ანზორ ბოლქვაძეა. ის 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტში ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“. ამავე წლებში იკავებდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. მერვე მოწვევის პარლამენტში ბოლქვაძე კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თუმცა 2013 წელს პარტია დატოვა. რაც შეეხება მეცხრე მოწვევის პარლამენტს, 2016 წლის არჩევნებში ანზორ ბოლქვაძემ „ქართული ოცნებიდან“ იყარა კენჭი და მაჟორიტარი დეპუტატი მესამედ გახდა.
კიდევ ერთი ასეთი პოლიტიკოსი გოჩა ენუქიძეა. ის მეშვიდე მოწვევის პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მერვე მოწვევის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა "ნაციონალური მოძრაობის" სიით მიიღო და გაიმარჯვა, თუმცა პარტიის რიგები რამდენიმე თვეში დატოვა. ენუქიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ოცნების" კანდიდატი იყო და გამარჯვების შემდეგ, დეპუტატის მანდატი მესამედ მოიპოვა.
ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ანზორ ბოლქვაძე ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარი დაპუტატობის კანდიდატად წარადგინა, ხოლო გოჩა ენუქიძე - ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და მესტიის.
შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცოტა ხნის წინ წარადგინა.