logo
ENG



ანტიკორუფციული მოძრაობა: 2021 წელს სემეკმა ტარიფები გაზარდა, თავისთვის პრემიები გამოიწერეს

08 თებ 202214:33
3 წუთის საკითხავი
 

ანტიკორუფციულმა მოძრაობამ სემეკის რამდენიმე თანამშრომლის 2021 წლის სახელფასო მონაცემები გამოაქვეყნა. მოძრაობა ელექტროენერგიის იმპორტისას კორუფციულ გარიგებებზეც საუბრობს. 

ანტიკორუფციულ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ მოსახლეობისთვის გაზრდილი კომუნალური გადასახადები სემეკში არსებული კორუფციის შედეგია. 

"2021 წელს, როცა სემეკმა მოსახლეობას გაუზარდა ტარიფები დენზე, წყალზე, გაზზე მათ ამავდროულად მიიღეს გადაწყვეტილება და გამოიწერეს პრემიები, რომლებიც სარგოსთან ერთად მილიონ ლარს სცდება“, - აცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენელი.

ანტიკორუფციული მოძრაობა სემეკის 5 თანამშრომლის სახელფასო მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ 2021 წელს ხელფასის სახით 143 957 ლარი, პრემიის სახით კი 66 212 ლარი მიიღო. 2021 წლის განმავლობაში იგივე რაოდენობის თანხა მიიღო სემეკის 4-მა სხვა თანამშრომელმა: გოჩა შონიამ, გიორგი ფანგანმა, მაია მელიქიძემ და გიორგი ფრუიძემ.

ორგანიზაციის ცნობით, მხოლოდ 2021 წელს ხელფასებსა და დანამატებში სემეკმა 1 050 849 ლარი გასცა. აქედან გამომდინარე ანტიკორუფციული მოძრაობაშიც ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია სემეკის ფინანსური საქმიანობის შესწავლა და არ გამორიცხავენ, რომ მოქალაქეებისთვის გაზრდილი გადასახადების უკან სემეკის კორუფციული საქმიანობა დგას.

„არცერთ ინსტიტუტს, მითუმეტეს მარეგულირებელ ინსტიტუტს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სემეკის  ჩვეულებრივმა წევრმა 200 000-ზე მეტი ლარი მიიღოს წლიურად. დავით ნარმანიამ, რომელიც თბილისის მერიაში კორუფციის კლასიკური მაგალითი იყო უბრალოდ იმის გამო, რომ ძალიან ბევრ თანამდებობის პირს მისცა სამშენებლო ნებართვა და ხალხისა და მუნიციპალიტეტის ქონება გაანიავა, ინდულგენციის სახით მიიღო ეს, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი თანამდებობა“, - აცხადებს ლაშა ფარულავა, სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის წევრი.

ანტიკორუფციული მოძრაობა იმ ხელშეკრულებების გასაჯაროებასაც ითხოვს, რომლითაც ელექტროენერგიის იმპორტი ხდება, მათი თქმით საქმე კორუფციულ გარიგებებსა და თაღლითურ სქემას ეხება. მათ 21 იანვარს სემეკს ოფიციალური წერილით მიმართეს და იმ ხელშეკრულებების გასაჯაროება სთხოვეს, რომლითაც ელექტროენერგიის შეძენა ხდება. მათ სემეკისგან ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.

აღსანიშნავია, რომ ასევე დღეს მოძრაობა სოლიდარობის წევრებმა პროკურატურას თელმიკოს წინააღმდეგ საჩივრით მიმართეს. ისინი ამბობენ, რომ უწყება ვალდებულია, გამოიძიოს სავარაუდო კორუფციული საქმიანობა და მოახდინოს რეაგირება.

გაზრდილი გადასახადების შესახებ მოკვლევა თავად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გასულ კვირას დაიწყო, თუმცა სემეკის მოკვლევას სამოქალაქო ორგანიზაციები არ ენდობიან და კომისიაში კორუფციაზე საუბრობენ.

 

close დახურვა