ანტიკორუფციული მოძრაობის ინფორმაციით, 8 ოქტომბერს, რუსეთიდან საქართველოში სანქცირებული Rosneft-ის 81 ათასი ლიტრი საწვავი შემოიტანეს.
ორგანიზაციის თქმით, ამის დამადასტურებელი კონკრეტული დოკუმენტი აქვთ, რომელშიც ჩანს, რომ პროდუქტის გამომგზავნი არის რუსული სანქცირებული სახელმწიფო კომპანია Роснефть, ტვირთის ტრანსპორტირებას ახდენს კი შ.პ.ს. "SPG თრეიდინგი" და ტვირთის მიმღებია შ.პ.ს. "სან პეტროლიუმ ჯორჯია".
"ტვირთის მიმღებიკომპანია შ.პ.ს. "სან პეტროლიუმ ჯორჯია" უკრაინის მთავრობის მიერ დასასანქცირებელთა სიაში მოყოფი "Petrocas Energy Group"-ის საკუთრებაშია, თავად პეტროკასი კი ფორმალურად ასევე უკრაინის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქ დავით იაკობაშვილს და ქართველ ბიზნესმენ ივანე ნაკაიძეს ეკუთნის. ფორმალურად იმიტომ, რომ სინამდვილეში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და ამას ფაქტებიც ადასტურებს, რომ ბიზნესმენ ივანე ნაკაიძის წილი სინამდვილეში რუსულ სანქცირებულ ნავთობგიგანტს Роснефть-ს ეკუთნის. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Petrocas Energy Group-ის CEO-მ ივანე ნაკაიძემ კომპანიაში რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანიის Rosneft-ის 49%-იანი წილი გამოისყიდა, თუმცა არ საჯაროვდება ფინანსური გარიგების დეტალები, გასაიდუმლოებულია Rosneft-ისთვის გადახდილი თანხის ოდენობა, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ გარიგება იყო ფიქტიური და მოჩვენებითი, მიზნად კი რუსული ნავთობპროდუქტების სანქციების გვერდის ავლით ვაჭრობის ხელშეწყობას ემსახურებოდა. აღნიშნული შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულსაც, რასაც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს"- აცხადებენ ორგანიზაციაში.
ანტიკორუფციული ორგანიზაციის ცნობით, სქემას, სავარაუდოდ, მფარველობს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი და აღასრულებს მისი უშუალო ნდობით აღჭურვილი მაღალი თანამდებობის პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა შემოსავლების სამსახური და მოძრაობის ხელმძღვანელის, ლაშა ფარულავას განცხადებას "დეზინფორმაცია" უწოდა.
"აღნიშნული მოძრაობის ხელმძღვანელმა 10 ოქტომბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოქალაქეთა განცხადებების სარეგისტრაციო სივრცეში, მატერიალური ფორმით, წარადგინა წერილი, რომელსაც დანართის სახით ახლდა დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს იმპორტის საბაჟო დეკლარაციას, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ იმპორტის საბაჟო პროცედურის გამოყენება.
აქვე განვმარტავთ, რომ საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე, დეკლარაციის შევსების უფლებამოსილება აქვს, როგორც საბაჟო ორგანოს, ასევე დეკლარანტს/იმპორტიორს. ხსენებული უფლებამოსილების საფუძველზე, საქართველოში რეგისტრირებულმა კომპანიამ თავად განახორციელა საბაჟო დეკლარაციის შევსება და წარუდგინა (შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით) შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს.
საბაჟო დეკლარაციის მიხედვით, ქართული კომპანიის მიერ იმპორტის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბნის“ გავლით შემოტანილი იქნა, დაახლოებით 60 ტონა (ერთი რკინიგზის ვაგონი) საავტომობილო ბენზინი. ექსპორტიორს წარმოადგენს ერთ-ერთი რუსული კომპანია (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან), რომელიც საბაჟო პროცედურის განხორციელების დროს არ იყო სანქცირებულ კომპანიათა სიაში.
საბაჟო დეკლარაციის დამუშავება და დასრულება განხორციელდა კანონმდებლობის შესაბამისად.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთიდან 81 ათასი ტონა სანქცირებული ნავთობპროდუქტი შემოვიდა, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უწყების დისკრედიტაციას"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.