საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ბიძინა ივანიშვილზე აქცენტირება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებს ემსახურება.
როგორც საია-ში აღნიშნავენ, ხელისუფლება ანტიკრიზისულ ნაბიჯებს პერსონიფიცირებულ ხასიათს აძლევს და ხელს უწყობს სოციალური მხარდაჭერის კონკრეტულ პარტიის კეთილ ნებასთან აფილირებას, მაშინ როცა ეს სახელმწიფოს მინიმალური ვალდებულებაა.
"ხელისუფლებას ვალდებულია კრიზისგან მიყენებული დარტყმების შესარბილებლად საზოგადოებისთვის სოციალური დაცვის მექანიზმები შეიმუშავოს. თუმცა, ასეთ დროს ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ წინასაარჩევნოდ, მმართველმა პარტიამ ანტიკრიზისული პაკეტები, როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ისე გამოიყენოს. ამის დასაზღვევად, სულ ცოტა, აუცილებლია, მთავრობამ:
საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს მკაფიო ხაზი გაავლოს სახელმწიფოს მხარდაჭერასა და პარტიულ ინიციატივებს შორის. ცხადი უნდა იყოს, რომ სოციალური პროგრამების შემუშავება სახელმწიფოს ვალდებულებაა და არა მმართველი პარტიის კეთილი ნება. უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მის მიერ, წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯები გრძელვადიანი ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და არა ამომრჩევლის გულის მოსაგებად გამიზნული მანიპულაციები.
სამწუხაროდ, მოცემულ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ ტესტის ჩაბარება, მეტწილად ბიძინა ივანიშვილის როლზე მუდმივი აქცენტირების გამო. ამის მაგალითია პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ასეთი მასშტაბური სოციალური მხარდაჭერა შესაძლებელი გახდა „StopCov ფონდში“, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით. იქამდე მან ეს უშუალოდაც განაცხადა. ფაქტობრივად იგივე პოზიცია ჰქონდა ფინანსთა მინისტრს, როდესაც თქვა, რომ ფინანსურად ამ მასშტაბურ კამპანიას ზურგს ფონდის მთავარი შემომწირველი (იგულისხმება მმართველი პარტიის თავმჯდომარე) უმაგრებს. მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქმება და ამომრჩევლის მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 6 აგვისტოს, COVID-19-ის შედეგების წინააღმდეგ მიმართული, ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი გააცნო საზოგადოებას. კერძოდ, თვითდასაქმებულები, რომლებმაც საკმარისი დოკუმენტების შეგროვება ვერ შეძლეს, სახელმწიფოსგან 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მთავრობა კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს. 18 წლამდე ბავშვები და მოზარდები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. სოციალურად დაუცველი სტუდენტების ნაწილს სწავლის საფასური დაუფინანსდება.