მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა უკვე ძალაშია. ეპიდემიის რისკებით გამოწვეული ზარალის შესამცირებლად, 18 ათას კომპანიას მომდევნო 4 თვის საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადდება. შეღავათები დააწესეს კომერციულმა ბანკებმაც. ანტიკრიზისული ღონისძიებები შესაძლოა, საქართველოს ბიუჯეტს ვალის აღების ფასად დაუჯდეს.
საგანგებო ვითარების გამოცხადებას მთავრობა არ ჩქარობს. პრემიერ მინისტრი, რომელმაც დღეს ეკონომიკურ გუნდთან ერთად ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა ირწმუნება, რომ სიტუაციას აკონტროლებენ და ამის საჭიროება ჯერ არ არსებობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 ათას კომპანიას მომდევნო 4 თვის საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადდება.
შეღავათი ტურიზმზე დამოკიდებულ სექტორს - სასტუმროებს, რესტორნებს, სატრანსპორტო და საექსკურსიო კომპანიებს, ტურისტულ სააგენტოებს, გასართობ და სპორტულ დაწესებულებებს შეეხება.
გადასახადების გადავადება, მისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს. სახელმწიფოსთვის ამ 4 თვიანი ვალის გადახდა კომპანიებს ნოემბრიდან მოუწევთ. მთავრობა ბიუჯეტიდან სესხების მქონე 2 ათასამდე სასტუმროს საპროცენტო მომსახურებას, 6 თვის განმავლობაში გადაიხდის. ამისთვის 3 მილიონი დაიხარჯება.
ფინანსურ კრიზისში აღმოჩენილ ფიზიკურ პირებს და ბიზნესს კომერციული ბანკები სესხების გადავადებას სთავაზობენ. საშეღავათო პერიოდი 3 თვე იქნება. 3 თვის შემდეგ კი ამ თანხის გადანაწილება მოხდება. სესხების რესტრუქტურიზაცია ნებაყოფლობითია.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საერთო ჯამში კრიზისულ პერიოდში ამ ინტერვენციებით, ეკონომიკას ჯამში მილიარდი ლარი რესურსი შეუნარჩუნდება. თუმცა, ეს ბიუჯეტის დეფიციტის ხარჯზე მოხდება და შესაძლოა ქვეყანას ვალის აღება დასჭირდეს.
ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობას დროულად უნდა ემოქმედა. მათი განცხადებით, ტურიზმზე აქცენტი ხელისუფლებამ სწორად გააკეთა, მაგრამ ეს ბიზნესს დროებით დაეხმარება. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ შექმნილ კრიზისულ ვითარებას მთავრობა წინასაარჩევნოდ პოპულიზმისთვის არ გამოიყენებს.
დაგვიანებული და არასაკმარისი რეაგირებისთვის - აკრიტიკებენ ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტები. მათი ნაწილი მთავრობას მოუწოდებს, გადასახადები კი არ გადაავადოს, არამედ შეამციროს.
ეკონომიკის მინისტრი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს ხვდება. ვირუსის პრევენციის და ფინანსური პრობლემების გამო ცვლილებები შესაძლოა ამ სექტორსაც შეეხოს.