logo
ENG



ანტისანიტარია, ღირსების შემლახავი პირობები - ომბუდსმენის მონიტორინგი მოხუცთა პანსიონატებში

13 მარ 202421:28
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველის აპარატი 2023 წელს თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში კერძო დაფინანსების მქონე ხანდაზმულთა პანსიონატის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს და გამოვლენილ პრობლემებზე საუბრობს. 

ომბუდსმენი განსაკუთრებით მწვავედ აფასებს კერძო დაფინანსებით მოქმედ ხანდაზმულთა დაწესებულებების შესახებ სახელმწიფოს არაინფორმირებულობას. აცხადებს, რომ პანსიონატთა საქმიანობისთვის სამართლებრივი სტანდარტები არ არსებობს და ისინი სახელმწიფო კონტროლს არ ექვემდებარება. ამასთან, დაწესებულების ხელმძღვანელებს ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებზე ინფორმაცია არ აქვთ.

შემოწმებამ აჩვენა, რომ ხანდაზმულთა უფლებები პანსიონატში ჩარიცხვის პროცედურიდან ირღვევა. კერძოდ, ჩარიცხვის შესახებ განცხადებაში ხანდაზმულის ნება მკაფიოდ გამოხატული არ არის, და ხშირად, მის ნაცვლად განცხადებას ხელს ოჯახის წევრი აწერს.

გამოვლინდა ისიც, რომ ინფრასტრუქტურულად დაწესებულებების ნაწილი კეთილმოწყობილი არაა და ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ, ღირსების შემლახავ პირობებში არიან.

"მათზე ზრუნვა, ძირითადად, ჰიგიენური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით ამოიწურება, რაც ზრუნვის მინიმალურ მოთხოვნებსაც არ შეესაბამება. ხანდაზმულები ხშირად დისკრიმინაციულ, ღირსების შემლახველ მდგომარეობაში იმყოფებიან და უმეტესობამ არაფერი იცის საკუთარი უფლებების შესახებ. დაწესებულებებში უგულებელყოფილია ჯანმრთელობის დაცვა; დარღვეულია კვების სტანდარტი. მენიუს შემადგენლობა ღარიბი, არასრულფასოვანი და ერთფეროვანია", - წერს ომბუდსმენი.

მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სერვისებში არ არის გათვალისწინებული ბენეფიციართა ემოციური მოწყვლადობა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება არ ექცევა.

სახალხო დამცველი პერსონალთა კვალიფიკაციასთან და შრომის უფლებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც საუბრობს.

"მზრუნველებს არ აქვთ სპეციალური ცოდნა ხანდაზმულთა მოვლისა და ზრუნვის საჭიროებების შესახებ და არც პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ. ამასთან, დარღვეულია ბენეფიციართა განაწილების სტანდარტები, რაც ზოგიერთი თანამშრომლის ზედმეტ გადატვირთვას იწვევს", - ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ ეს შედეგები სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების საჭიროებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

"ყველა სამართლებრივი ფორმისა და დაფინანსების მქონე ხანდაზმულთა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის ერთიანი სახელმწიფო ზრუნვის სტანდარტების და მათ შესრულებაზე ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმის შექმნის აუცილებლობის თაობაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა