logo
ENG



აპატურაი: ნატო რუსეთს მოუწოდებს საქართველოს ტერიტორიიდან ძალები გაიყვანოს

08 აგვ 202010:04
3 წუთის საკითხავი
 

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება და ამბობს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

როგორც აპატურაი Facebook-ში წერს, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.

"12 წლის განმავლობაში რუსული ჯარები არალეგალურად იმყოფება საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე, ხოლო ამის შედეგად, ათასობით ადამიანი საკუთარი სახლებიდან და მიწიდან გადაადგილებულია. ნატო კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალები გაიყვანოს", – წერს ჯეიმს აპატურაი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.


close დახურვა