logo
ENG



არ გვითქვამს, რომ ეკლესიებს ვკეტავთ, მრევლი ცალკე იქნება, ჩვენ ცალკე - მამა შალვა კეკელია

15 აპრ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 

რა სახით გაიმართება სააღდგომო წირვა-ლოცვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში - ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე სასულიერო პირები იმსჯელებენ, როგორ უნდა ჩაატარონ ღვთისმსახურება ისე, რომ კანონი არ დაარღვიონ.

საპატრიარქოს საბოლოო პოზიციის დაფიქსირებამდე, სასულიერო პირები ამბობენ, რომ აღდგომის წირვისთვის და მრევლის მისაღებად ემზადებიან, რადგან არ ყოფილა გაცხადებული, რომ წირვა მრევლის გარეშე ჩატარდება. მათ იმედი აქვთ, ხელისუფლება დაეხმარებათ, რომ დისტანცია დაიცვან. მამა შალვა კეკელიას თქმით, ბზობის დღესასწაულზეც ათასობით ადამიანი იმყოფებოდა ტაძრებში, თუმცა რეკომენდაციების დაცვა მოახერხეს.

„პატრიარქს არ უთქვამს, რომ მრევლის გარეშე არ ვწირავთ, ასეთი რამ არ თქმულა. ბუნებრივია, რადგანაც ეს არ თქმულა, ჩვენს ვემზადებით, არ გვითქვამს რომ ეკლესიებს ვკეტავთ, მრევლი ცალკე იქნება და ჩვენ ცალკე. ბზობასაც დავიცავით დისტანციები მიუხედავად ამდენი ადამიანის მოსვლისა, ათასზე მეტი ადამიანი იყო და ერთი ადამიანი ერთ არ შეხებია, მოვახერხეთ დისტანციის დაცვა. ზეთის ცხებაზე ასევე, ჩავატარეთ ყველა წესის დაცვით“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის კონსულტაციებს, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა.

„ხელისუფლებასთან მიდის კონსულტაციები კიდევ, ჯერ არ დასრულებულა. პატრიარქი ალბათ იქნება წირვაზე, დიდი ხუთშაბათია და პატრიარქთან ერთად წირვაზე ვიქნები. გუშინდელი დღის შემდეგ არ მქონია კომუნიკაცია და ვერ გეტყვით, ამ საკითხზე საუბარი დასრულებული არ არის“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მიუხედავად იმისა, რომ აღდგომადე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, პატრიარქის ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე უცნობია. საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით სავარაუდოდ, დღეს გამოაქვეყნებს.


close დახურვა