logo
ENG



არაა გამორიცხული, დადგეს მისი პასუხისმგებლობაც - ადვოკატი ამირხანაშვილზე

08 ივლ 202012:48
3 წუთის საკითხავი
 

შაქარაშვილის საქმის ერთერთი ფიგურანტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი, გიორგი ყიფშიძე ამბობს, რომ საქმეში ავთო ბილანიშვილის, იგივე კაწროს, შესაძლო გამოჩენა გამოძიებაში ბევრ კითხვას ბადებს. 

ყიფშიძის თქმით, გურამ ამირხანაშვილმა გამოძიების მთელ რიგ შეკითხვებს პასუხი უნდა გასცეს და არ გამორიცხავს, რომ მისი პასუხისმგებლობაც დადგეს.

„მნიშვნელოვანი ფაქტია და ბევრ რამეს შეცვლის. მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ არის ეს ადამიანი და რატომ შედგა ეს რანდე-ვუ. მიმაჩნია, რომ გამოძიება ამ მიმართულებით უკვე დაძრულია. შედეგებს უკვე ველით დღეს, ხვალ, ზეგ. დადგა დრო, ამ ადამიანმა თქვას სიმართლე. თუ რაღაც მიზეზით სიმართლეს მალავდა, შესაძლებელია იყოს ახსნადი და გაგებადი. თუ ეს ეწინააღმდეგებოდა გამოძიების წარმართვას, არაა გამორიცხული დადგეს მისი პასუხისმგებლობაც", - აცხადებს გიორგი ყიფშიძე.

კადრები, რომელშიც, სავარაუდოდ, ავთო ბილანიშვილი ჩანს - ნახეთ აქ.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი  რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

დაკავებული პირებიდან ბრალს არც ერთი არ აღიარებს. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 


close დახურვა