logo
ENG



არაეფექტური მართვა და უფლებების დარღვევა - რა პრობლემები გამოიკვეთა ომბუდსმენის ანგარიშში

10 დეკ 202115:43
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაჯამა.

მან სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა.

პანდემიის მართვა

ომბუდსმენმა წელს არაერთხელ გააკრიტიკა პანდემიის მართვასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მიდგომები, რამაც ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა.

ომბუდსმენს მიაჩნია, რომ არაეფექტური იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია და ზოგიერთი რეგულაცია. მისი აზრით, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ ეყრდნობოდა მეცნიერულ მტკიცებულებებს და პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული, რისი მაგალითიც უვადო მწვანე პასპორტების შემოღებაა. 

სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, რომ საქართველოში ვაქცინაციის არსებული მაჩვენებელი - 37 %, ძალიან დაბალია. მისი თქმით, განსაკუთრებით საგანგაშოა 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის მცირე რაოდენობა, რადგან ეს ჯგუფი ახალი კორონავირუსისადმი მაღალი მოწყვლადობით გამოირჩევა.

"სამწუხაროდ სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც ვერ უზრუნველყო მოსახლეობის ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის ვაქცინაციის პროცესის გამარტივება და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია მხოლოდ ონლაინ, ვებ-გვერდის მეშვეობით იყო შესაძლებელი, რაც ხანდაზმულებისთვის, ხშირ შემთხვევაში დაუძლეველ წინაღობას წარმოადგენდა ვაქცინაციის ჩასატარებლად", - განაცხადა ომბუდსმენმა.

თვითმმართველობის არჩევნები

ომბუდსმენის თქმით, პრობლემური იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში გაიმართა. ამის შესახებ მან უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით 2021 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა. 

სახალხო დამცველმა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებისა და შევიწროების ფაქტების გარდა, ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წევრებზე არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის მიზნით ზეწოლაზეც.

სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს და შეავიწროვეს 69 პირი, ხოლო 59 ოპოზიციონერი კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით. რის შედეგადაც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა უმეტესმა მათგანმა აღნიშნული ზეწოლის შედეგად კანდიდატურა მოხსნა“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 16 ფაქტი და 4 შემთხვევა, როცა საჯარო სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს შრომითი ხელშეკრულება, შესაძლოა, პოლიტიკური მოტივით არ გაუგრძელეს.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ის იზიარებს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებას, რომ ამომრჩეველთა სავარაუდო ზეწოლის ფაქტები და დამაშინებელი გარემო გავლენას მოახდენდა ამომრჩეველთა ნაწილის პოლიტიკური ნების თავისუფლად გამოვლენაზე.

შეკრების თავისუფლება

სახალხო დამცველის განცხადებაში ასევე საუბარია მოქალაქეთა შეკრების უფლების რეალიზებაში ხელშეშლის შემთხვევებზე. განსაკუთრებით პრობლემურად ის სამართალდამცველების მხრიდან დაკავების მავნე პრაქტიკას მიიჩნევს.

„კვლავ პრობლემური იყო სამართალდამცავი პირების მიერ შეკრების მონაწილეთა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დაკავების მავნე პრაქტიკა, რაც უმეტესად ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას და შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას წარმოადგენს“, - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

მედიის თავისუფლება

ომბუდსმენი აცხადებს, რომ 2021 წელს განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობს.

მისი თქმით, სახალხო დამცველმა წელს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ათობით ფაქტი აღრიცხა. ნინო ლომჯარია ასევე აღნიშნავს, რომ ცალსახაა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულებაც.

სახალხო დამცველმა აღრიცხა მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმის ათობით შემთხვევა, აქ არ იგულისხმება მხოლოდ 5 ივლისის მოვლენები. სამწუხაროდ, ასევე ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები - განაცხადა მან ბრიფინგისას.

5 ივლისი

ომბუდსმენმა ისაუბრა 5 ივლისის მოვლენებზეც და განაცხადა რომ ხელისუფლებამ არათუ ვერ დაიცვა მოქალაქეების ჯანმრთელობა, არამედ ძალადობა წააქეზა კიდეც.

„საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტებისა და მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რეალური საფრთხე შეუქმნა, არამედ უფრო მეტიც, მაღალი თანამდებობის პირთა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა კიდეც“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ომბუდსმენის ინფორმაციით, 5 ივლისის საქმეზე 45 ჟურნალისტსა და ოპერატორს მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი.

5 ივლისის ფაქტებთან მიმართებით პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით არცერთი პირის მიმართ არ აქვს დაწყებული, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულები სულ მცირე 2 პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აკმაყოფილებს.

მართლმსაჯულების სისტემა

სახალხო დამცველი ასევე ეხმიანება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესს, რომელიც ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებამდე უნდა შეჩერებულიყო.

პარლამენტმა ეს რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და 6 ივლისსა და პირველ დეკემბერს 10 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ არჩევით დაასრულა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება.

„ეუთო/ოდირის მიერ აღინიშნა რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესში არ არსებობდა მკაფიო და განჭვრეტადი სტანდარტები, რაც ყველა კანდიდატისთვის თანასწორი შესაძლებლობის საწინდარი უნდა ყოფილიყო. მათ ანგარიშში საუბარია ასევე ინტერესთა კონფლიქტზე და პროცედურებში არსებულ სხვადასხვა ხარვეზებზე, რომლებიც არ იძლეოდნენ დამსახურებაზე დაფუძნებული კანდიდატების შერჩევის შესაძლებლობას“, - აცხადებს ომბუდსმენი.

მიხეილ სააკაშვილის საქმე

სახალხო დამცველმა 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მიმოხილვისას ყურადღება გაამახვილა მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც.

მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ბრალდება/მსჯავრდებასთან დაკავშირებულ სასამართლო განხილვებზე და საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების შეზღუდვა ყოფილი პრეზიდენტის კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა.

მისი თქმით, სააკაშვილის, როგორც მოშიმშილეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება სასამართლო პროცესებზე მისი არ დაშვების არგუმენტად დაუსაბუთებელი იყო ვინაიდან არ ეყრდნობოდა სამედიცინო დასკვნას. სახალხო დამცველის თქმით, ესაა საშიში პრაქტიკა, რომელმაც შესაძლოა ყველა მოშიმშილე პატიმარს წაართვას სასამართლო პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

გარდა ამისა, ნინო ლომჯარიამ სააკაშვილის გლდანის N18 დაწესებულებაში შესახლების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებით ყოფილი პრეზიდენტის უფლებათა დარღვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, ომბუდსმენის პოზიცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეფასებას ემთხვევა.

"გარდა ამისა ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელება წარმოადგენდა პატიმრის პატივის, ღირსების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. აღნიშნული მსგავსად შეაფასა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმაც" - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

უკანონო მიყურადება

შემაჯამებელ განცხადებაში ასევე საუბარია 2021 წელს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფართომასშტაბიანი და სისტემური დარღვევებზე. წლის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ.

13 სექტემბერს ფარული მიყურადების ამსახველი მასალების უპრეცედენტო გაჟონვის შემდეგ არაერთმა ადამიანმა დაადასტურა მასალებში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა.

გავრცელებული ფაილების უპრეცედენტო მოცულობისა და არაერთი პირის მხრიდან მისი დადასტურების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის შეფასებით აშკარაა, რომ აღნიშნული მასალა, სახელმწიფო ორგანოების მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული თვალთვალის შედეგადაა მიღებული. სამწუხაროდ ამ ტიპის უკონტროლო მიყურადების საფუძველს ქმნის მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც უსაფრთხოების ორგანოებს აძლევს მობილური ოპერატორების სერვერებზე უკონტროლო, პირდაპირი მიერთების შესაძლებლობას, რაც აიოლებს უკანონო მიყურადების შესაძლებლობას და ამცირებს მისი გამოვლენის რისკებს, - წერია შემაჯამებელ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ომბუდსმენმა ეს კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა 2018 წელს დაასრულა, მაგრამ გადაწყვეტილება კვლავ არ მიუღია.

სახალხო დამცველმა ასევე პროკურატურაში გამოძიების დაწყების შემდეგ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

საყურადღებოა, რომ ამ დრომდე საქართველოს პარლამენტს არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფდა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელების პარლამენტში დაბარებას. ასევე პარლამენტის მხრიდან შესაძლებელია განხილულიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობაც - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

პენიტენციური სისტემა

ომბუდსმენის განცხადებაში საუბარია პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზეც.

მისი თქმით, 2021 წელს დაკავებულები კვლავ საუბრობდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებისა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე. მსგავსი შემთხვევები ყველაზე ხშირად ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შემთხვევაში იჩენდა თავს.

ასევე პრობლემად რჩება პენიტენციური დაწესებულებების არაფორმალური მეთოდებით მართვა, რისი მიზანიც პატიმართა გაჩუმება, პრობლემებზე საუბრის აკრძალვა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებაა.

აღსანიშნავია, რომ პატიმართა ნაწილს არ ჰქონდა ადეკვატურ სამედიცინო სერვისებზე წვდომა.

არაერთ დაწესებულებაში გამოვლინდა პრობლემები როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანდაცვის კუთხით და ყველაზე მეტი საჩივრები სახალხო დამცველის აპარატში ამ ნიშნით ფიქსირდებოდა. 2021 წლის მანძილზე შენარჩუნებული იყო პატიმართა დეესკალაციის ოთახებში გადაყვანის პრაქტიკა, რომელსაც სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს“, - ნათქვამია შემაჯამებელ განცხადებაში.

მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველმა პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით არაერთი სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.

2021 წელს, წინა წლების მსგავსად, განსაკუთრებულად პრობლემური იყო მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის არათანამიმდევრული პრაქტიკა. ადგილობრივი საბჭოები ხშირ შემთხვევაში არ ასაბუთებენ გადაწყვეტილებებს და არ უთითებენ კონკრეტულ მოტივაციაზე, თუ რის გამო ანიჭებენ ერთ კრიტერიუმს უფრო მეტ ყურადღებას და სხვას - ნაკლებს, – აცხადებს ომბუდსმენის აპარატი.

სახალხო დამცველის თქმით, ადგილობრივი საბჭოების მიღებული არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები ძირითადად შაბლონური ხასიათისაა და შეიცავს ფორმალურ მითითებებს.

თანასწორობის უფლება

სახალხო დამცველის 2021 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ შემაჯამებელ განცხადებაში ასევე საუბარია თანასწორობის უფლებათა დაცვაზე. მათ შორის შშმ პირთა და უმცირესობების დისკრიმინაციისა და უფლებათა დარღვევისა და ფემიციდის ფაქტებზე.

„ჯამში, 2021 წელს, სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 141 ფაქტი შეისწავლა, რომელთაგან ყველაზე მეტი - 27% განსხვავებული ანდა პოლიტიკური შეხედულების სავარაუდო დისკრიმინაციას შემთხვევებს შეეხებოდა, სქესის/გენდერის ნიშნით - 17%, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით - 12%, სოგი-ს ნიშნით - 9%, ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით - 8%, რელიგიის ნიშნით - 4%, სხვა ნიშნებით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებზე კი განმცხადებელთა 23% მიუთითებდა“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

სახალხო დამცველის თქმით, საქართველოში ფემიციდის სტატისტიკა კვლავ საგანგაშოა. მიმდინარე წელს 13 ქალის მკვლელობისა და 20 მკვლელობის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა. მოკლულთაგან 5 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა.

ომბუდსმენის განცხადებით კვლავ სისტემატურად ირღვევა ლგბტქი+ ადამიანების უფლებები და საფრთხის ქვეშაა როგორც მათი ასევე მათი უფლებადამცველთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა, ომბუდსმენის განცხადებით, კვლავ გამოწვევად რჩება, ხოლო ახალი კორონა ვირუსის პანდემიის გამოწვევებმა დამატებითი პრობლემები შექმნა, მათ შორის 2021 წელს გამოიკვეთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. ასევე გაუარესდა ამ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დასაქმების პერსპექტივა.

სახალხო დამცველის განცხადებით, კვლავ პრობლემად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლება, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანონო დაკავებების პრაქტიკა და დევნილი ოჯახების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებათა დაცვა.

ომბუდსმენმა ასევე მიმოიხილა სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვებსა და ხანდაზმულებზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებები და აღნიშნა, რომ მდგომარეობა არც ამ მიმართულებით გაუმჯობესებულა.


close დახურვა