logo
ENG



არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენები ცდილობენ, პანდემიის დროს, ხელი მოითბონ-კილაძე

03 ივნ 202014:42
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში საკვები პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ საკითხის მოსაგვარებლად აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

„ფასების ზრდა რა თქმა უნდა პირდაპირ აისახება მოქალაქეების ჯიბეზე. განსაკუთრებით ღარიბი მოქალაქეების ჯიბეზე. ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი და მგონია, რომ ამ შემთხვევაში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საკანონმდებლოსთან ერთად, ყველანაირი ბერკეტი უნდა გამოიყენოს. თუმცა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ არის გარკვეული არაკეთილსინდისიერი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ ამ პანდემიის დროს, გაჭირვებული პერიოდში მოითბონ ხელი თვითონ და სხვა მოქალაქეების გაღარიბების ხარჯზე“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ფასების ზრდას ოპოზიციის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, მთავრობას მეტი უნდა გაკეთებინა იმისთვის, რომ მოსახლეობას ინფლაცია და ფასების მატება მძიმე ტვირთად არ დასწოლოდა.

ქვეყანაში საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაშია, რამაც 14.7%-ით მოიმატა. გაძვირებულია ხილი, რძე, კვერცხი, თევზეული. ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის კატეგორიაში ფასები 8.3%-ით გაიზარდა, ხოლო ჯანდაცვაში ფასები 6.1%-ით არის გაზრდილი.


close დახურვა