logo
ENG



არაკეთილსინდისიერი და არაკვალიფიციური - ოპოზიციის ნაწილი ნინო ქადაგიძის წარდგენას აფასებს

11 მარ 202020:35
3 წუთის საკითხავი
 

„სასამართლო ხელისუფლებაში ეგრეთ წოდებულმა კლანმა ისევ გაიმარჯვა“ - ასე აფასებენ ქართული ოცნების ოპონენტები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის წარდგენას. შალვა თადუმაძესთან შედარებით, ის კლანთან უფრო დაახლოებული პირია, რომელსაც ოპოზიცია კეთილსინდისიერებას და კვალიფიკაციას უწუნებს.

როგორც ჩანს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამტკიცება ისევ მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ უზენაესი ინსტანციის ხელმძღვანელის ასარჩევად პარლამენტის ამ შემადგენლობას მორალური უფლება არ გააჩნია, - ამიტომ პროცესი უნდა გადაიდოს. 

ფრაქცია ევროპულმა საქართველომ დღეს ნინო ქადაგიძესთან გასაუბრების დეტალები გაიხსენა, როდესაც ის პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ის სასამართლოს ე.წ. კლანის არჩევანია. 

ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის ხელმძღვანელის პოსტზე, ნინო ქადაგიძეს არც სხვა ოპოზიციური ფრაქციების მხარდაჭერა ექნება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კონკრეტულ გვარებს მნიშვნელობა აღარ აქვს მაშინ, როცა არაფორმალური მმართველობა სასამართლო და პოლიტიკური ხელისუფლებების არჩევანია. „ქართული ოცნების“ ფავორიტის შალვა თადუმაძის გაწირვა კი სასამართლოს რეპუტაციას ვერ გადაარჩენს.

მოსამართლე ნინო ქადაგიძე 3 თვეა, რაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეა. ის იმ რჩეულ მოსამართლეებს შორის იყო, რომელთა დამტკიცებასაც მმართველმა გუნდმა წევრების ნაწილი შეიწირა. დღეს ეს დეპუტატები ამბობენ, რომ ამ მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის მორალური უფლება აღარ აქვს.  

ნინო ქადაგიძეს დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. მას ამ ხმების მოპოვება მმართველ გუნდში მოუწევს. ქართული ოცნების დეპუტატები ქადაგიძის, როგორც მოსამართლის მიმართ დღეს სიმპათიებს არ მალავდნენ, თუმცა ჯერ არ აკონკრეტებენ იქნება თუ არა პარტია ერთიანი მის თავმჯდომარედ გასამწესებლად. 

ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატად გუშინ დაასახელა. მას პარლამენტში მისვლა და დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა საბოლოო კენჭისყრამდე კიდევ ერთხელ მოუწევს.


close დახურვა