logo
ENG



არაკომპეტენტურობის შედეგი - გელათის რესტავრაციის შედეგებს ხელოვნებათმცოდნეები აფასებენ

12 ივლ 202017:37
3 წუთის საკითხავი
 

არაკომპეტენტურობის შედეგი - გელათის ტაძრის რესტავრაციის მძიმე შედეგებს ხელოვნებათმცოდნეები აფასებენ. ისინი პასუხისმგებლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს აკისრებენ და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია სხვა პასუხისმგებელი პირების გამოკვეთაც, რადგან პრობლემა კომპლექსურია.

ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი უცხოელი ექსპერტების საქმეში ჩართვას ითხოვენ, რადგან დღეს ამ სფეროს კომპეტენტურობა აკლია, რაც სისტემური პრობლემაა.

„შესრულების დაბალი ხარისხი აფუჭებს ძეგლს და ისეთ პრობლემებს ქმნის, რომელიც გამოუსწორებელია. ეს ხანდახან ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მაგ., როგორც გელათის შემთხვევაში. კომპანიები, რომლებიც ხელს კიდებენ ამა თუ იმ ძეგლის რესტავრაციას, უნდა იყვნენ კვალიფიციური. როდესაც შეცდომას უშვებენ, მათ მეორეჯერ აღარ უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ ისევ შეეხონ ძეგლს. ამისი კონტროლი ნაკლებად ხდება.

ერთ წელიწადში როდესაც ასეთი პრობლემა ხდება, მომდევნო წლებში კიდევ გამოჩნდება ეს პრობლემები. სავარაუდოდ, მთლიანად შესაცვლელია ეს გადახურვა, რადგან ეს გადახურვა არ იქცეს პრობლემად თავად გელათისთვის“, - განაცხადა ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა.

დაზიანებული გელათის მონასტრის შესახებ, სიუჟეტი გუშინ, შაბათის ფორმულაში გავიდა. გელათის ტაძრის გადახურვის სამუშაოები, რომელიც მილიონები დაჯდა, გასულ წელს დასრულდა. მოჭიქულმა კრამიტმა 1 წელიწადსაც ვერ გაუძლო და დღეს ტაძარში წვიმის წყალი ჩადის, ნესტი კი, ფრესკებს მნიშვნელოვნად აზიანებს.

ისტორიკოს მზია ჯანჯალიას განცხადებით, გელათის მონასტრის გადახურვის სამუშაოებში აუცილებელი იყო უცხოელი ექსპერტების ჩართვა. მისივე განცხადებით, სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

„მძიმეა მხატვრობის მდგომარეობა, ქვის მდგომარეობა, თვალსაჩინოა, რომ პრობლემები აქვს გადახურვას. აუცილებელი იყო უცხოელი სპეციალისტების ჩართვა და მათი მონაწილეობით გადახურვის მოწყობა.

როგორც ჩანს, ამან გამოიწვია ტექნოლოგიური პრობლემები. აუცილებელია უცხოური ექსპერტიზა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ხარვეზებია დარგში, კვალიფიკაციაში, მართვაში და ამას უნდა სერიოზული მუშაობა“, - განაცხდა მზია ჯანჯალიამ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ გელათის ტაძარში არსებული მძიმე სიტუაცია გულგრილობის შედეგია. ვაჩეიშვილი ვარაუდობს, რომ გელათის ტაძრის სახურავზე არსებული კრამიტის გამოცვლა სრულად გახდება საჭირო.

„პირველ რიგში, არის გულგრილობა, რომელსაც უშვებს, სამწუხაროდ, ყველა, ვინც შეეხო ამ პროექტს იმიტომ, რომ ეს რისკები თავიდანვე იყო ცნობილი. თავისივე გაკეთებულ ახალს იკვლევენ მეცნიერულად. ეს ჩიხია ერთგვარი. მე არ ვიცი ამ პატარა ნამცეცებით როგორ უნდა გავიდნენ ფონს და ვშიშობ, რომ მთლიანად კრამიტის გამოცვლა და ახალი ბიუჯეტის დახარჯვის მიუხედავად თავიდან გაკეთება“, - აცხადებს ვაჩეიშვილი.


close დახურვა