logo
ENG



არასამთავრობოები: ოცნების აქციაზე მოქალაქეთა მობილიზება ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს

13 დეკ 201914:46
3 წუთის საკითხავი
 
stsnacbu1vh9etr.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციები 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი კონცეცრტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები.

„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„14 დეკემბერს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში პარტიულ ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას გეგმავს, რომელიც, პარტიის განცხადებით, საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება.

აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს,  ა(ა)იპ და სსიპ-ების  თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით.

საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ.

ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებისა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 14 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელიც მთელი პოლიტიკური გუნდის ღონისძიებად იქცა.




close დახურვა