logo
ENG



არასამთავრობოებისა და ოპოზიციისთვის გენპროკურორის შესარჩევი კონკურსი ფორმალობაა

18 იან 202020:05
3 წუთის საკითხავი
 
ifu9kafeq3hddg0.jpg

კონკურსი, რომლის შედეგიც უკვე ცნობილია - არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციისთვის გენერალური პროკურორის შესარჩევი კონკურსი მხოლოდ ფორმალობაა. ამ მოსაზრებას მმართველი გუნდის წევრების ერთ ხმაში გაკეთებული განცხადებებიც ამყარებს. ღირსეული კანდიდატი ღირსეული ნაბიჯებით - ასე შეაფასა მმართველმა გუნდმა ირაკლი შოთაძე.

შოთაძე ერთ-ერთია იმ 17 კანდიდატიდან, რომლებმაც მთავარი სახლმწიფო ბრალმდებლის სავარძლის დაკავება მოისურვეს. საპროკურორო საბჭომ, რომლის შემადგენლობაშიც სწორედ შოთაძის პროკურორობის დროს დაწინაურებულები სჭარბობენ, მათგან  ერთი უნდა შეარჩიოს. საბოლოო სიტყვა კი პარლამენტზეა, სიტყვა, რომელიც უმრავლესობამ უკვე თქვა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის პროცედურას უნდობლობას უცხადებს. სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, მხოლოდ ფორმალურია.

აღსანიშნავია, რომ საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები სწორედ ირაკლი შოთაძის გენპროკურორობის პერიოდში დაწინაურდნენ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ შოთაძეს მათი მხარდაჭერა ექნება. საპროკურორო საბჭოს 13-დან 7 წევრი მთავარ და რაიონულ პროკურატურაში იკავებს თანამდებობებს.

საბჭოს გვერდზე არსებული ბიოგრაფიული ჩანაწერებით ირკვევა, რომ შვიდივე მათგანის დაწინაურება სწორედ ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდს ემთხვევა. მათ შორისაა გავრილოვის ღამის საქმის ერთ-ერთი პროკურორი ამირან გულუაშვილი, რომელიც ნიკა მელიას პატიმრობას მოითხოვდა.

საბჭოს შემადგენლობაში ასევე არიან ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმის პროკურორი მიხეილ ჯერენაშვილი, რომელიც ზურაბ ჯამალაშვილსა და ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ედავებოდა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულები უდანაშაულოდ სცნო. მოქმედ წევრებს შორისაა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიაც,  რომელიც სასამართლო კლანის გავლენის ობიექტად მოიაზრება. 


close დახურვა