საპენსიო სააგენტოსა და საარჩევნო კომისიაში ISFED-ის კვლევას გამოეხმაურნენ. უწყებებში აცხადებენ, რომ ანგარიშში წარმოდგენილი დასკვნები არასწორია.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მათ არასდროს გამოუყენებიათ მსგავსი სააგენტოს რესურსი და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის კონტროლი რთულია.
„ცესკო-ს არასდროს უთანამშრომლია ამ სააგენტოსთან. თუკი ყალბი ანგარიშები ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას ცესკო-ს შესახებ, ვრცელდებოდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კონტექსტის ინფორმაცია - ეს კი ანგარიშში არაა ნახსენები. სოციალურ სივრცეში ბევრი გვერდია და ამის კონტროლი არის რთული. მთავარი ისაა, რომ ცესკო-ს მსგავს ანგარიშებთან არასდროს ჰქონია შეხება", - აცხადებენ ცესკოში.
საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა, მაგდა კოტრიკაძემ წერილობით უპასუხა ISFED-ს და განაცხადა, რომ ეს სიცრუეა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომს საპენსიო სააგენტოს და მე არ გვაქვს ამ სააგენტოსთან შეხება. მე, როგორც მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ვალდებული ვარ, ყველა შემომავალ კითხვას გავცე პასუხი, მაგრამ არ მაქვს ვალდებულება, პერსონალურად ვიკვლიო კომენტარების ავტორები", - წერს მაგდა კოტრიკაძე.
შეგახსენებთ, რომ ISFED-მა გამოაქვეყნა ანგარიში კრემლისტური სააგენტო „ნიუს-ფრონტის" მიერ „ფეისბუქის" ქართულ სივრცეში ორგანიზებული საინფორმაციო ოპერაციების შესახებ. საუბარია 12 არაავთენტური ანგარიშის პროფილზე, რომელიც უკვე წაშლილია.