არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად 50 ხდება - მერიის ამ გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია უკვე მოყვა. პარკირების ადგილების არარსებობისა და გზების გაჭიანურებული რეაბილიტაციის ფონზე, სანქციების გამკაცრება მოქალაქეებისთვის მიუღებელი და გაუგებარია. ამბობენ, რომ ტოტალური უმუშევრობის, სიღარიბისა და მოუწესრიგებელი სატრანსპორტი და საპარკინგე სისტემის, პირობებში, ახალი წესი ცხოვრებას კიდევ უფრო გაუძვირებთ.
დედაქალაქის მერმა მოსახლეობა დაამშვიდა, რომ ახალი ნორმა მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, როდესაც თბილისში ყველა ყვითელი ავტობუსი ახლით ჩანაცვლდება.
როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მერიის მიერ ინიცირებული რეგულაცია, რომელიც პარკირების წესების დამრღვევებს ჯარიმას 5-ჯერ უძვირებს, სატრანსპირტო სისტემის რეფორმის კანონპროექტშია გაწერილი, დოკუმენტი პარლამენტმა ორი მოსმენით ისე მიიღო, რომ დეპუტატების დიდმა ნაწილმა არც კი იცოდა, რას უყარა კენჭი.
კახი კალაძის მიერ ინიცირებული რეფორმა სატრანსპორტო სისტემის შესახებ პარლამენტს მესამე მოსმენით დღეს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა მას შემდეგ რაც ოპოზიციამ ხმაური ატეხა, კანონპროექტის განხილვა უმრავლესობამ გადაავადა.