უკრაინის მმართველი პარტიის "ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია აცხადებს, რომ, მისი აზრით, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების გაგრძელება სავარაუდოდ 2023 წლის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი.
მისი აზრით, ვინაიდან 2024 წელს აშშ-სა და რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია 2023 წლის მეორე ნახევარში სავარაუდოდ დაიწყება საარჩევნო ციკლი. არახამიას თქმით, ვინაიდან პუტინი სამხედრო წარმატებას უკრაინაში ვერ აღწევს, მას სავარაუდოდ დიპლომატიური კუთხით მოუწევს ნაბიჯების გადადგმა, რათა მოსახლეობას რაიმე ფორმით პოლიტიკური ნაბიჯი აჩვენოს.
ამის შესახებ არახამიამ ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობ ეს [რუსეთთან მოლაპარაკებები] მაშინ მოხდება, როცა როგორც რუსეთში ასევე აშშ-ში საარჩევნო ციკლი დაიწყება.ეს დაახლოებით მომდევნო წლის მეორე ნახევარში მოხდება, როცა აშშ-ში საპრეზიდენტო მარათონი დაიწყება, ასევე პუტინსაც ექნება არჩევნები 2024-ში და მათ დასჭირდებათ პოლიტიკურად რამის დემონსტრირება.
არ ვფიქრობ, რომ პუტინს რამენაირი სამხედრო წარმატების მიღწევა შეუძლია, ამიტომ ისინი, სავარაუდოდ, დიპლომატიურ ფრონტზე ცდიან, რაიმე გზით რამე აჩვენონ თავის ხალხს“ - განაცხადა არახამიამ.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის აზრით, რუსეთი ახლა იმიტომ აახლებს მოლაპარაკებებზე საუბარს, რომ მათ დრო სჭირდებათ გადაჯგუფებებისა და პოზიციების გამაგრებისთვის, თუმცა არახამიას თქმით უკრაინა რუსეთისთვის „ამგვარი დროის მიცემას არ აპირებს“.
არახამიამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაფიოდ ისაუბრა იმ პირობებზე, რომელთა შესრულების შემდეგაც რუსეთთან მოლაპარაკება იქნება შესაძლებელი. ზელენსკის თქმით, ესენია „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ყველა დანაკარგისთვის კომპენსაცია, ყველა ომის დამნაშავის დასჯა და ეფექტური გარანტიები, რომ ეს აღარ მოხდება“.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, იმის მიუხედავად რომ რუსეთსა და აშშ-ში საარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვანი ფაქტორია, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს სანამ ზელენსკის მიერ დასახელებული პირობები არ შესრულდება.
„მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც ჩვენი მოკავშირეების ასევე ოკუპანტების საარჩევნო ციკლები, თუმცა ჩვენი პოზიცია არ იცვლება. უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან მაშინ დაჯდება, როცა ჩვენი პირობები შესრულდება“ - განაცხადა დავით არახამიამ.