უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ დაღუპულ უკრაინელებზე პასუხისმგებლობა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ეკისრება, რადგან გერმანია უკრაინას დაპირებულ მძიმე იარაღს არ აწვდის .
ამის შესახებ არესტოვიჩმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენს დაღუპულ სამხედროებსა და მოქალაქეებზე, ბავშვები ყოველ დღე კვდებიან, ჩვენ დღეში 100 სამხედროს ვკარგავთ იმიტომ, რომ თქვენ მძიმე იარაღს არ გვაძლევთ. უკრაინის ჯარი ძლიერია, ჩვენ შეგვიძლია რუსების დამარცხება და მათი განდევნა ჩვენი ქვეყნიდან, მაგრამ იარაღი გვჭირდება“ - განაცხადა არესტოვიჩმა.
პრეზიდენტის მრჩეველმა დააზუსტა, რომ უკრაინას გერმანიისგან შორ მანძილზე სასროლი არტილერია, რამდენიმე რაკეტის გამშვები სისტემა, ტანკები, ჯავშანტრანსპორტი და დრონები სჭირდება
„თუ ჩვენ გვექნება საკმარისი [იარაღი] ჩვენ მოვიგებთ ომს. როცა დასავლეთმა ჩვენ 120 ერთეული შორ მანძილზე სასროლი არტილერია მოგვცა, ფრონტზე სიტუაცია მყისიერად შეიცვალა. 3 დღეში რუსეთმა დაკარგა თავდასხმების სიჩქარე“ - განაცხადა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას 88 ტანკ Leopard-ის გადაცემას, 50 Gepard-ის თვითმავალ საზენიტო იარაღს დაჰპირდა. მისი თქმით, ამგვარმა ტქენიკამ შესაძლოა მთლიანად შეცვალოს სიტუაცია ფრონტის ხაზზე.
„ეს საკმარისი იქნება უკრაინის ჯარის 2 ბრიგადისთვის. ახლა ჩვენ დაახლოებით 2 ბრიგადა რომ გვყავდეს ფრონტის ხაზზე ჩვენ შევძლებდით ხერსონის დაბრუნებას ან პოპსანასა და სევეროდონეცკში მათ უკან დახევას. დღეს 2 ბრიგადა დიდი ძალაა“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
შოლცს უკრაინა იარაღის მიწოდების დაგვიანებაში ადანაშაულებს.
8 ივნისს ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან ერთად ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე კი გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ბერლინი კიევს სამხედრო დახმარებას ყველაზე ინტენსიურად აწვდის.
14 ივნისს შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით იარაღს მიაწვდიან. მისი თქმით, გერმანია უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საზენიტო რადარებს გაუგზავნის.
11 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის კანცლერი კიევში ვიზიტს გეგმავს.