logo
ENG



არესტოვიჩი: ეს გათავისუფლებული ქალაქებია, სურათი საშინელებათა ფილმებიდან

03 აპრ 202217:40
3 წუთის საკითხავი
 
არესტოვიჩი: ეს გათავისუფლებული ქალაქებია, სურათი საშინელებათა ფილმებიდან

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ კიევის რეგიონის გათავისუფლების შემდეგ იქ არსებული მდგომარეობა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ცხოვრების "პოსტაპოკალიფსური სურათია".

არესტოვიჩმა დღეს სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, ბუჩაში, ირპინსა და გოსტომელში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისკენ მსოფლიოს ყურადღების მიპყრობაა.

„ეს გათავისუფლებული ქალაქებია, სურათი საშინელებათა ფილმებიდან, პოსტაპოკალიფსური სურათი. ამ ომის დანაშაულების მსხვერპლს უკვე მივაკვლიეთ, მათ შორის არიან გაუპატიურებული ქალები, ვისი დაწვაც მათ სცადეს, მოკლული ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური პირები, მოკლული ბავშვები, მოკლული მოხუცები, მოკლული კაცები,  ბევრი მათგანი შეკრული ხელებით, წამების კვალი და ტყვია კეფაში. ყაჩაღობები, ოქროს, ძვირფასი ნივთების, ნოხების, სარეცხი მანქანების წაღების მცდელობები“, - განაცხადა ოლექსეი არესტოვიჩმა.

არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინის პროკურატურა, სამართალდამცავები და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოები ყველა სამხილს შეაგროვებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინამ ომის დაწყების შემდეგ პირველად კიევის რეგიონზე სრული კონტროლი დაიბრუნა. უკრაინელმა სამხედროებმა კიევის გარშემო 30-ზე მეტ ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს, მათ შორის ქალაქი ბუჩაც.  

უკრაინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქალაქის ქუჩებში.

ასევე დღეს Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღრიცხულია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რუსული სამხედრო ძალები არღვევდნენ ომის კანონებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩერნიგოვის, ხარკოვისა და კიევის რეგიონების ოკუპირებულ რაიონებში.

მათ შორისაა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ უკანონო ძალადობის, მუქარისა და მკვლელობის შემთხვევები, 2022 წლის 27 თებერვლიდან 14 მარტამდე. ჯარისკაცები ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო ქონების, მათ შორის საკვების, ტანსაცმლისა და შეშის ძარცვაში. ისინი, ვინც ჩაიდინეს ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, პასუხისმგებელნი არიან ომის დანაშაულებზე.


close დახურვა