პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი მოქალაქეებს სთხოვს, რუსული თავდასხმის შედეგები დაუყოვნებლივ არ გამოაქვეყნონ და ერთი დღე-ღამე მაინც მოიცადონ.
მისი თქმით, თავდასხმების განხორციელების უმნიშვნელოვანესი ეტაპი მისი შედეგების გაანალიზებაა, გავრცელებული მასალა კი მტერს საქმეს უადვილებს.
"იყო ერთი ცნობილი ქართული ლიტერატურული გმირი, დათა თუთაშხია, რომელიც წყეულ ცარიზმს ებრძოდა. შესანიშნავი სერიალიც გადაიღეს. მას ჰქონდა ერთი წესი: "თუ შენ დაგინიშნეს შეხვედრა, მიდი ერთი დღით ადრე ან ერთი დღით გვიან. ყოველთვის ცოცხალი დარჩები".
სწორედ ეს წესი უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პოზიციების და ქალაქებზე რუსული თავდასხმების ფოტოების და ვიდეოების გავრცელების დროს.
მესმის, რომ ყველას უნდა ფოტოების გადაღება და თქმა: "ღმერთო, რა საშინელებაა". მაგრამ ამით მოწინააღმდეგეს სამუშაოს უადვილებთ.
იმიტომ, რომ ცეცხლის გახსნა რამდენიმე ეტაპით შედგება. ბოლო და უმნიშვნელოვანესი ეტაპია განხორციელებული დარტყმების შედეგების გაანალიზება.". - თქვა არესტოვიჩმა ვიდეომიმართვაში.
მისი განცხადებით, სწორედ ამ შედეგების გაანალიზებით იცის მტერმა, რომელი ობიექტის გასანადგურებლად რა ტიპის შეიარაღება უნდა გამოიყენოს და გავრცელებული ფოტოებითა და ვიდეოებით მათი საქმე ადვილდება. არესტოვიჩი ამბობს, რომ არასწორია აღქმა, თითქოს უკვე განადგურებული ობიექტების გადაღება საშიში არ არის და რომ პირიქით, ეს ეტაპი უმნიშვნელოვანესია.
"არ გამოაქვეყნოთ მასალები, სანამ ადგილზე სამაშველო ოპერაცია არ დაიწყება. უმჯობესია, თუ საერთოდ არ გადაიღებთ, მაგრამ თუ მაინც გადაიღებთ მომავლისთვის, მოიცადეთ თავდასხმიდან მინიმუმ ერთი დღე-ღამე, მანამ, სანამ ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება, სანამ არ შეიცვლება ისე, რომ მტერი ვერ შეძლებს დარტყმის შედეგების განსაზღვრას". - ამბობს ალექსი არესტოვიჩი.