უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსეთი ყველა მიმართულებით, მათ შორის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში შეტევას აძლიერებს. ამასთან, არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ რეგიონებში უკრაინა რუსულ ძალებს მკაცრ წინააღმდეგობას უწევს.
“რუსულმა ჯარებმა ყველა მიმართულებით შეტევა დაიწყეს,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.
არესტოვიჩის თქმით, რუსული ძალები ყურადღებას განსაკუთრებით აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონის ქალაქებზე, კრამატორსკსა და სლოვიანსკიზე და კრივი რიჰზე, სამხრეთ ხერსონის რეგიონში ამახვილებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთი ჯარების ჩრდილო-აღმოსავლეთში შეკრებას აგრძელებს და ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივი ბლოკადა აქვთ განზრახული.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინულმა სამხედრო ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მტრის ექვსი შეტევა მოიგერიეს. განადგურდა ოთხი ტანკი, ხუთი საარტილერიო სისტემა, ცამეტი ერთეული ჯავშანტექნიკა, თხუთმეტი ერთეული საავტომობილო მანქანა, ორი ტანკერი და ერთი საზენიტო იარაღი,” - აცხადებენ გენერალურ შტაბში.