უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინამ დაახლოებით 10 000 სამხედრო დაკარგა.
ამის შესახებ არესტოვიჩმა რუს იურისტთან და ადამიანის უფლებათა აქტივისტთან მარკ ფეიგინთან ინტერვიუში ისაუბრა.
არესტოვიჩის თქმით, ომის დასაწყისში დღეში საშუალოდ 100 უკრაინელი მებრძოლი იღუპებოდა, რუსეთი კი დღეში 1 000-მდე ჯარისკაცს კარგავდა.
„კონფლიქტის დასაწყისში ჩვენ დღეში საშუალოდ 100 დაღუპული გვყავდა. მაგრამ რუსეთის ჯარს პირველი 20-30 დღის განმავლობაში დღეში 1 000 ჯარისკაცი ეღუპებოდა. ახლა 200-300 კვდება, ამაზე ნაკლები არა.“ - აცხადებს არესტოვიჩი
ფეიგინმა დაზუსტების მიზნით არესტოვიჩს ჰკითხა სწორი იქნება თუ არა იმის თქმა, რომ უკრაინის ჯარმა 10 000-მდე სამხედრო დაკარგა. „დიახ, დაახლოებით ამდენი“ - უპასუხა არესტოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს უკრინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარი ომში დღიურად 100-200 სამხედროს კარგავს.