logo
ENG



არესტოვიჩის შეფასებით, NATO-სთვის მომგებიანია საქართველოს და უკრაინის ალიანსში მიღება

27 აპრ 202200:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/27/z4raziacbr3g532.png

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ოლექსი არეტოვიჩის განცხადებით, რუსეთი მუდმივად იქნება სისტემური საფრთხე, რომელიც პოლონეთს და ბალტიისპირეთს დაემუქრება და ნატოს მოუწევს ამ ქვეყნებში ომი. 

ამიტომ, მისი შეფასებით, ალიანსისთვის სტრატეგიულად მომგებიანია საქართველოსა და უკრაინის მიღება. 

ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ოლექსი არესტოვიჩმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინის პირობებში რუსეთი ტოტალიტარული იმპერიაა, თუმცა, ლიბერალური იმპერიის დროს, როცა ქვეყანას ბორის ელცინი მართავდა, არაერთი კონფლიქტი მოხდა. ამიტომ, რუსულ ლიბერალიზმზე იმედები არ უნდა დავამყაროთ. 

"რუსეთი არ დაშოშმინდება. პუტინის პირობებში არ დამშვიდდება. თუ პუტინის შემდეგ მოვა ლიბერალი, რუსეთი მაინც დარჩება იმპერიად. ახლა ის ტოტალიტარული იმპერიაა, თუმცა, ლიბერალურმა იმპერიამ ბორის ელცინის პირობებში საქართველოსგან წაიღო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. დაუსრულებელი უბედურება მოუტანა ქართველ ხალხს. მოლდოვისგან დნესტრისპირეთი დაეცა, უკრაინისგან სცადა ყირიმის წაღება, როცა პასპორტებს და იარაღს არიგებდნენ. ეს იყო პირველი კონფლიქტი ყირიმისთვის. მაშინდელმა რუსეთმა მოაწყო ხოცვა-ჟლეტა ჩეჩნეთში და საკუთარი პარლამენტი ააფეთქა. ასე გამოიყურება ლიბერალური რუსეთი. 

რუსეთის ლიბერალიზმზე იმედები არ უნდა დავამყაროთ, რადგან ლიბერალურიდან ტოტალიტარულამდე ერთი ნაბიჯია. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი იქნება სისტემური ფაქტორი, რომელიც ემუქრება პოლონეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ნატოს მოუწევს იქ ომი. ამიტომ, ხომ არ სჯობს აღმოსავლეთის ფლანგი, რომელსაც საქართველო და უკრაინა წარმოადგენს, მიიღონ ალიანსში და დახურონ ნატოს გაფართოების საკითხი, იმის ნაცვლად, რომ დაბრუნდეს რუსული საფრთხის საკითხი ბალტიისპირეთში, პოლონეთსა და ბალკანეთში. თუ საქართველო და უკრაინა იქნებიან ნატოს წევრები, რუსეთი მათ ტერიტორიაზე შეიჭრება და არა ნატოს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე. 

ჟურნალისტი: თუმცა, ვხედავთ, რომ რუსეთი ნატოს თავს არ დასხმია. 

დიახ, ამით იხურება თემა. და თუ თავს დაესხმება, ბრძოლის ველი იქნება უკრაინა და არა ევროპა. ამ გადმოსახედიდანაც ხომ მომგებიანია [უკრაინის და საქართველოს ნატოში მიღება]". - თქვა ოლექსი არეტოვიჩმა


close დახურვა