არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი სტალინის გამოსახულებიანი ხატთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი სამებაში დაბრძანების შესახებ საპატრიარქოსთვის უნდა ეცნობებინა.
როგორც სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს, მომხდარის გამო დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე შედნობას ითხოვს.
"მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე.
ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის", - დაწერა არქიმანდრიტმა.
***
საპატრიარქომ განცხადება დღეს, 11 იანვარს გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ რადგან წმ. მატრონას სტალინთან შეხვედრის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, "აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა".
ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 6 იანვარს გავრცელდა - დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.
მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.
9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს. საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
გუშინ, 10 იანვარს კი ფერაძის სახლთან ძალადობრივი, ჰომოფობიური, პრორუსი ალტ–ინფოს წევრები მივარდნენ და მას ემუქრებოდნენ. პოლიციამ მას სახლთან მისვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე მოხდა მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.