ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 16 ოქტომბერს უნდა იცოდეთ
კარტოგრაფების საქმე
კარტოგრაფების საქმის მასალების მისაღებად ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველები დღეს პროკურატურაში მივლენ. ამასთან, დაკავებულების ინტერესების დამცველები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებისთვისაც ემზადებიან.
ადვოკატებს მიაჩნიათ რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი არ გამორიცხავს რომ პროკურატურის მიერ დავით ხიდაშელის გამოკითხვაზე ხელმეორედ დაბარებით, უწყება ბიზნესმენის ჩვენებასა და საჯარო განცხადებებს შორის არსებული აცდენების გამართლებას შეეცადოს.
ღარიბაშვილის ინტერვიუ
საქმე გვაქვს სახელმწიფო ღალატთან, ტერიტორიების გადაცემის მცდელობასთან - ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილი გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. თავდაცვის მინისტრმა ტელე იმედის ეთერში გაიხსენა, თუ როგორ დაუკავშირდა მას 2014 წელს არქიმანდრიტი კირიონი და დახმარება სთხოვა.
მისი თქმით, საქმეში ის ამ დროს ჩაერთო, მოიძია კონკრეტული მასალები, რაშიც მას მიხეილ ჯანელიძე ეხმარებოდა. ამის შემდეგ, ღარიბაშვილის თქმით, საქმეს 2019 წელს მიუბრუნდა, როდესაც კირიონმა მისი შუამავლობით დახმარება ბიძინა ივანიშვილს სთხოვა.
ღარიბაშვილი ყვება, რომ მას შემდეგ რაც გაარკვიეს, რომ ორიგინალი რუკები რუსეთში იყო, ივანიშვილი საქმეში დავით ხიდაშელს რთავს. ბიზნესმენის მიერ რუსული არქივიდან რუკების გამოტანას ღარიბაშვილი სპეცოპერაციად მოიხსენიებს.
ამის შემდეგ თავდაცვის მინისტრი 2020 წლის აგვისტოში ირაკლი შოთაძეს წერილს უგზავნის და წერს, რომ მისთვის უცნობია კომისიის ძველი შემადგენლობის მოტივაცია და უჩნდება ეჭვი რომ მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედება მოხდა. ღარიბაშვილმა ინტერვიუს დროს ოპოზიციის წარმომადგენლები მოღალატეებად მოიხსენია, საქმის მოგვარების ადრესატად კი ბიძინა ივანიშვილი დაასახელა.
კორონავირუსი და ჯანდაცვის სისტემა
კორონავირუსთან ბრძოლაში ჯანდაცვის სექტორთან ერთად სადაზღვეო კომპანიების ჩაერთვებიან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა.
მისი თქმით, სადაზღვეო კომპანიების ჩართულობით ამბულატორიული დაწესებულებების საქმეს სადაზღვეო კომპანიების ექიმებიც გაინაწილებენ. ამირან გამყრელიძემ ასევე ინფიცირების რაოდენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ, პიკი ჯერ კიდევ წინ გველოდება. მან ფორმულას ეთერში საქართველოში შემომსვლელ ქვეყნის მოქალაქეებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ისინი პისიარ ტესტის წარდგენის შემდეგ, საკარანტინო სივრცის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადავლენ.
პატრულ-ინსპექტორები მეტროსადგურებს გააკონტროლებენ
კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მეტროსადგურებთან მონიტორინგი დაიწყეს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში ყველა მეტროსადგურთან პატრულ-ინსპექტორები იდგებიან და გააკონტროლებენ მგზავრების მიერ წესების დაცვას. შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს დაემორჩილონ.
,,ლელოს" წევრზე თავდამსხმელს ბრალი წარედგინა
ქუთაისში, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ შტაბის წევრის ცემის საქმეზე პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, დაკავებულს ბრალი ცემის ან სხვაგვარი ძალადობის მუხლით წარედგინა, დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “ლელო საქართველოსთვის” შტაბის წევრს ქუთაისში თავს 13 ოქტომბერს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას თვალი დაუზიანდა და ის ხელის არეშია დაჭრილი.
ხმაური მელიას საარჩევნო შტაბთან
ხმაური იყო გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბთან. ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ოფისთან აქცია ქართული მარშის წევრებმა გამართეს. მარშის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი მელიასთან პირისპირ დებატებს ითხოვდა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის ფოტოები დაწვეს. მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. მარშის ლიდერებმა ორშაბათიდან საქართველოს მასშტაბით, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბების პიკეტირება დააანონსეს. ადგილზე იმყოფებოდნენ მელიას შტაბის წევრებიც.
,,ლეიბორისტული პარტიის" მხარდაჭერა უგულავას
ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში ლეიბორისტული პარტია ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატს გიგი უგულავას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დადიანების ეზოში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა და ამომრჩევლებს გიგი უგულავას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მოსახლეობის მოთხოვნა ნორიოს აღმართზე
მწვანე სივრცის გახსნის მოთხოვნით ნორიოს აღმართის მოსახლეობამ აქცია გამართა. მოსახლეობა მერიის ბალანსზე კუთვნილ ტერიტორიაზე სკვერისა და სპორტული სივრცის გახსნას ითხოვს. მოსახლეობას დიდუბე- ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე შეხვდა. დოლიძე მერიას მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებს.
ნინო ბურჯანაძე ლაგოდეხში
ნინო ბურჯანაძე ლაგოდეხში ამომრჩეველს შეხვდა. "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო, მათი პრობლემები მოისმინა და გამარჯვების შემთხვევაში მოგვარებას დაპირდა. ნინო ბურჯანაძის თქმით, ლაგოდეხში ძირითად პრობლემად სასმელი წყალი და უმუშევრობა რჩება.