ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 12 ოქტომბერს უნდა იცოდეთ
თავდასხმა ოპოზიციის მხარდამჭერზე
გვიან ღამით ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრს, ლევან ქართველიშვილს ორი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც დაშავებული აცხადებს, თავდამსხმელები მისთვის უცნობი პირები იყვნენ.
ლევან ქართველიშვილი განმარტავს, რომ ის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია და სწორედ ეს გახდა თავდასხმის და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი. როგორც იგი ამბობს, ეს მმართველი გუნდის ხელწერას ჰგავს. შემთხვევა ბახტრიონის ქუჩაზე მოხდა, მაშინ როდესაც ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრი მეგობრის სახლს ტოვებდა.
აქცია კარტოგრაფების მხარდასაჭერად
დაკავებული კარტოგრაფების მხარდასაჭერად აქცია გამართეს ივერი მელაშვილის ახლობლებმა. ივერი მელაშვილის ოჯახი საქართველოს პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს. მელაშვილის მეუღლე დარწმუნებულია, რომ პატრიარქის პოზიცია მელაშვილის ოჯახის პოზიციასთან თანხვედრაში იქნება.
ამას გარდა, ოჯახის ადვოკატი საქმის გამომძიებლის საქმიდან აცილების შესახებ განაცხადის შეტანას აპირებს. ივერი მელაშვილის მხარდამჭერ აქციას ბესიკ თამლიანი და რუსუდან თამლიანიც შეუერთდნენ. აქციაზე მისული იყო ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძეც.
ათენში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა სცადეს
ათენში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე თავდასხმა სცადეს. საბერძნეთში დედაქალაქ ათენში „ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას" პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს ხვდებოდა.
ემიგრანტების ცნობით, სააკაშვილზე თავდასხმა მათთან შეხვედრამდე, შენობაში შესვლისას სცადეს. ათენში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, თავდამსხმელი გაიქცა, შემთხვევის შედეგად კი რამდენიმე ადამიანი დაშავდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარ ფაქტს მმართველი გუნდის მხრიდან მოწყობილ პროვოკაციად აფასებენ.
ახალი ბიუჯეტის გეგმა
დღეს ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციები 2021 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. როგორც ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმა სრულიად სცილდება საზღვრებს.
ის გამოყოფს სოციალურად დაუცველთა დახმარების საკითხს და აცხადებს, რომ 2021 წლის ბიუჯეტში ამ პირთა დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა პრაქტიკულად განულებულია. როგორც ჭიაბერაშვილი განმარტავს, მომდევნო წლის ბიუჯეტის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები საკმაოდ დაზარალდებიან. დღეს ფინანსურ დოკუმენტს ოპოზიციონერ დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარუდგენს.
მესამე სექტორი სასამართლოზე
მესამე სექტორში აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის დამკვიდრებული ხედვა შესაცვლელია. საიასა და იმეისში ამბობენ, რომ ვენეციის კომისიისგან მიღებული მკვეთრი შეფასებები აძლიერებს ქვეყნის შიგნით არსებულ კრიტიკას მართლმსაჯულების რეფორმის არჩეული გზის მიმართ. არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, საჭიროა სისტემური ცვლილებები განხორციელდეს. შესაბამისად, მესამე სექტორში მეათე მოწვევის პარლამენტს მოუწოდებენ აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და იმუშაოს მათ აღმოფხვრაზე.
„ერთიანი საქართველოს" შეხვედრა ამომრჩეველთან
ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად ბაღდადსა და წყალტუბოში მხარდამჭერებს შეხვდა.ნინო ბურჯანაძემ მათ საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები და პრობლემების მოგვარების ხედვა გააცნო.შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთიდან წყალტუბოში ჩასახლებული დევნილები, რომლებმაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ იმსჯელეს.