ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 9 ოქტომბერს დილიდან უნდა იცოდეთ
დავით გარეჯის საქმე - დაკავებულები
„არსად გაქცევას არ ვაპირებ. ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, ასეთი ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ" - ასე მიმართა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლოს. მასა და საზღვრის დამდგენი კომისიის კიდევ ერთ ყოფილი წევრს - ნატალია ილიჩოვას პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო. დაკავებულებს პროცესზე სიტყვით გამოსვლის უფლება მისცეს. ივერი მელაშვილმა თქვა, რომ პროკურატურას მხოლოდ გახმაურებული საქმის გახსნა და მისი ციხეში გაშვება სურს. ნატალია ილიჩოვას თქმით, კი პროკურატურის მიერ წარდგენილი რუკები გამოუსადეგარია, რადგან ამ რუკების თანახმად, ქვეყანა ტერიტორიებს დაკარგავს.
გაიზრდება თუ არა დაკავებულთა წრე
„პასუხისმგებელ პირთა წრე დავით გარეჯის საქმეზე შესაძლოა გაიზარდოს" - ამ შესაძლებლობას პარლამენტის ვიცე-სპიკერი არ გამორიცხავს. ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდნენ, თავის დროზე მეტი უნდა გაეკეთებინათ, რომ ტერიტორიები არ დაკარგულიყო. გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ სასამართლო სახელმწიფოს ღალატის ფაქტს დაადასტურებს.
არასამთავრობოების მიმართვა
გამოძიების დაწყების დრო, მმართველი პარტიის გამოხმაურება და შერჩევითი მიდგომები გამოძიების პროცესში - ეს არგუმენტები სამოქალაქო სექტორში ეჭვს აჩენს, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები პოლიტიკური მოტივით არიან დაკავებულები. 14 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართვას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს წინასაარჩევნოდ მგრძნობიარე თემებით მანიპულირება.
ბიძინა ივანიშვილის განცხადება
„აბსურდი და უტიფარი განცხადება" - ასე აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც ქართული ოცნების ლიდერმა არჩევნებზე 60%-იან მხარდაჭერასა და ძალადობაში ოპოზიციის ბრალეულობაზე ილაპარაკა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ძალადობა ქართული ოცნების ხელწერაა, და სწორედ მართველი პარტია, დაშინების მიზნით, ძალადობს ყოველი არჩევნების წინ ამომრჩეველზე და ოპოზიციის მხარდამჭერებზე.