ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 7 ოქტომბერს დილიდან უნდა იცოდეთ
გარეჯის საქმე
დავით გარეჯის ირგვლივ სახელმწიფოს მიერ დაწყებულ გამოძიებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში. მათ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოძიებების დაწყება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ოპონენტების დაზიანებისკენ არის მიმართული და არა რეალური ფაქტების გასარკვევად. ექსპერტებს კი მიაჩნიათ, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მეზობელ ქვეყნებს შორის საომარი მდგომარეობაა, გამოძიების დაწყება გაუაზრებელი და არასწორი ნაბიჯია.
ორდღიანი არჩევნები
ფორმულა ნიუსის ინფორმაციას, რომ შესაძლოა, არჩევნები ორ დღეზე გადანაწილდეს, ოპოზიციასა და მმართველ გუნდში ეხმაურებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუკი საკარანტინე სივრცეებში არჩევნები 30 ოქტომბერს ჩატარდება, მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების უფრო მეტი შანსი ექნება.
საკარანტინე სივრცეებში მყოფი ადამიანებისთვის, შესაძლოა, არჩევნები 30 ოქტომბერს ჩატარდეს
ოპოზიციაში ასევე აცხადებენ, რომ არჩევნებში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, ვირუსის შემთხვევაში კი ცესკომ ინფიცირებულებს კონსტიტუციურად მინიჭებული უფლება არ უნდა ჩამოართვას. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საკითხი არაკონსტიტუციურია და ის ცესკოს მათთან ჯერ არ განუხილავს.
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
განიხილავენ თუ არა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ქვეყანაში არჩევნების ორი დღის მანძილზე ჩატარების საკითხს, რამდენიმე საათში გაირკვევა. ოპოზიციური პარტიები საარჩევნო საკითხებზე მომუშავე კომისიას კვლავ ბოიკოტს უცხადებენ. ოპოზიციონერების განცხადებით, კომისიის სხდომებზე მთავრობა სერიოზულად არცერთ საკითხს არ აღიქვამს, მათ შორის კი არც წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ქართულმა ოცნება ძალმომრეობაზეა გადასული, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათთვის წამგებიანი იქნება.
2021 წლის ბიუჯეტი
2021 წლის ბიუჯეტს დღეს კომიტეტებსა და ფრაქციებში განიხილავენ. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი წინა წლების ფინანსური დოკუმენტის იდენტურია. მათი თქმით, ოცნებამ ბიუჯეტი კვლავ კორუფციასა და თაღლითობას მოარგო და არა მოქალაქეების გასაჭირს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კი ოპონენტებს კომიტეტის სხდომებზე დასწრებისა და კანონპროექტის განხილვაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
,,გირჩი" მერიას მიმართავს
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე მუშტაიდის ბაღში ამომრჩეველთან შესახვედრად თბილისის მერიისგან ნებართვას ითხოვს. ადგილზე ჯაფარიძე მხარდამჭერებთან ერთად ფეხბურთის მატჩის ყურებასაც აპირებს. მან ბაღის ადმინისტრაციას უკვე მიმართა. თუმცა, მუშტაიდის ბაღის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილი მერიისგან მოითხოვა. ზურაბ ჯაფარიძე ფორმულა ნიუსთან ამბობს რომ ადმინისტრაციას სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ეშინია და ოფიციალური ნებართვა საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად არ სჭირდება.