ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 5 ოქტომბერს დილიდან უნდა იცოდეთ
დაკავებები მარნეულში
საქართველოს პროკურატურამ მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი სამ პირს უკვე წარუდგინა. "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტ ლაშა ქველაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დაცვის მხარე ბრალდების გასაჩივრებას დღეს აპირებს.
ბრალი ასევე "ქართული ოცნების" წევრებს, გიორგი შუბითიძესა და გიორგი ჯალაღონიას წარედგინათ. მათ ბრალად ძალადობა ედებათ. პროკურატურა სასამართლოს მათთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
გიორგი მუმლაძე დაზარალებულად ცნეს
სადამკვირვებლო ორგანიზაციის 20/20-ის დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე მარნეულში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზარალებულად ოფიციალურად სცნეს. მუმლაძემ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაცნობის შემდგომ ამოიცნო კიდევ ერთი პირი, ვინც მასზე დაპირისპირებისას იძალადა.
მუმლაძის ინფორმაციით, ეს პირი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - გიორგი შუბითიძეა. მუმლაძის უფლებადამცველი უახლოეს დღეებში აპირებს დაწეროს ხელწერილი საქმეზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით.
სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის ბრიფინგი
მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამოქალაქო პლატფორმა 20/20 დღეს ბრიფინგს გამართავს. 20/20-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ძალადობის ფაქტები სამოქალაქო პლატფორმის, ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ჟურნალისტების მიმართ ჯერ კიდევ გამოუძიებელია. ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, ამ საქმის გამოუძიებლობა ოცნების აქტივისტებში დაუსჯელობის სინდრომს იწვევს. სამოქალაქო პლატფორმა 20/20 შესაბამის უწყებებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.
„თავისუფალი საქართველოს’’ შეხვედრა ამომრჩევლებთან
„თავისუფალი საქართველოს’’ კანდიდატი კახა კუკავა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად, მხარდამჭერებს შეხვდა და მათ პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო. „თავისუფალი საქართველოს” ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გია ყრუაშვილი, ამომრჩევლებს, მისი მხარდაჭერის შემთხვევაში დაჰპირდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში იმ ძირითად კანონპროექტებს შეიტანს, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ქობულეთში
ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ქობულეთში მაჟორიტარობის კანდიდატი, ირინა აფხაზავა წარადგინა.
მათ მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნეს. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ რეგიონში გავრცელებული გაჭირვება, უიმედობა და უპერსპექტივობა 31 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" დამარცხების შემდეგ, აუცილებლად დასრულდება.
"ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, 2008 წლის ომში დაღუპული გმირების მემორიალთან "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძე ხაშურის და ქარელის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად კახა კოჟორიძე წარადგინა. მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ რესურსი ამოწურა და ამას არჩევნების შედეგებიც დაადასტურებს. რაც შეეხება კახა კოჟორიძემ, ამომრჩევლებს უთხრა, რომ მისი მხარდაჭერის შემთხვევაში, ის იქნება აქტიური პარლამენტის დეპუტატი და საპარლამენტო მანდატს, მოსახლეობის ინტერესების დასაცავად გამოიყენებს.