შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირას მარნეულსა და ბოლნისში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 პირი დააკავეს.
მათგან 2 ქართული ოცნების წევრია და მარნეულში 29 სექტემბრის ინციდენტის დროს ნაციონალური მოძრაობის წევრებზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. ერთი მათგანი მარნეულის მერიის ავტოპარკის უფროსი, გიორგი ჯალაღონიაა, მეორე - ქართული ოცნების აქტივისტი, გიორგი შუბითიძე.
ასევე, შსს-ის განცხადებით, დაკავებულია ენმ-ის ორი აქტივისტი. ორივე მათგანის დაკავებისთვის სასამართლო განჩინება არსებობდა.
ერთი დაკავებული პარტიის ბოლნისელი აქტივისტი, არიფ იუსუფოვია, რომელსაც ბრალად ქართული ოცნების წევრის, გოგი მეშველიანის ძმისთვის ბლაგვი საგნით ჯანმრთელობის დაზიანება ედება. აღსანიშნავია, რომ თავად იუსუფოვი ინციდენტში მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ადანაშაულებს.
ასევე, დააკავეს ენმ-ის წევრი, ლაშა ქველაძე, რომელსაც ბრალად დაედო 29 ოქტომბერს, მარნეულის ინციდენტის დროს ქართული ოცნების მხარდამჭერისთვის ბლაგვი საგნის ჩარტყმა. ქველაძე და მამამისი თავადაც ნაცემები არიან. ადვოკატის თქმით, გამომძიებლებმა მათ უთხრეს, რომ პოლიციაში დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისთვის იბარებდნენ და რომ "ასეთი სიურპრიზი მოუწყვეს" - დააკავეს.
სექტემბრის თვის ბოლოს ბოლნისსა და მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
მათ შორის, ყველაზე მასშტაბური ძალადობა - 29 სექტემბერს. ქართული ოცნების ოფისთან თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემეს და თავი გაუტეხეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც დაესხნენ თავს, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მოძრაობა 2020-ისაქტივისტებს.
თავდასხმაში ქართული ოცნების მხრიდან 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დაზარალებულები მათი პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვენ. მათ შორის არიან მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და საკრებულოს წევრები.