logo
ENG



არჩევნებამდე 29 დღით ადრე ეს ამბები უნდა იცოდე

02 ოქტ 202008:14
3 წუთის საკითხავი
 
viayl1hdakh78fd.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 2 ოქტომბერს დილიდან უნდა იცოდეთ

 

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა

ქართული ოცნების საარჩევნო სიის წარდგენაზე ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლებას მიუძღვნა. მან ნაციონალური მოძრაობა ტერიტორიების დაკარგვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლება შემოუძღვა ქვეყანაში ოკუპანტს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 20 ივნისის მოვლენებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციამ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტით ისარგებლა და ძალაუფლების არალეგიტიმური გზით დაბრუნება სცადეს. ივანიშვილმა სიღარიბეზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ საკითხში ოპონენტებს ეთანხმება და ეს მოსაგვარებელი პრობლემაა.

 

,,ქართული ოცნების" საარჩევნო სია

ქართული ოცნების საარჩევნო სიასა და პროგრამას დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში. მათი განცხადებით, საარჩევნო პროგრამის მიხედვით მმართველი გუნდი მომდევნო 4 წლის მანძილზე ქვეყნის განვითარებისთვის დიდი ნაბიჯს გადადგამს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საარჩევნო სიაში ადამიანები პროფესიონალიზმით შეარჩიეს.

 

ოპოზიციის შეფასება 

ოპოზიციაში მმართველი გუნდის საარჩევნო სიასა და პროგრამას აფასებენ. ოპოზიციის წევრებს მიაჩნიათ რომ გუნდში მოხვდნენ ის ადამიანები რომლებიც საზოგადოების ინტერესების დაცვის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს გაატარებენ. „ნაციონალური მოძრაობა" კი ბიძინა ივანიშვილის მიერ ტრიბუნიდან პარტიის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს. სალომე სამადაშვილის თქმით, შეცდომები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა, საქართველოს ისტორიაში არცერთ ხელისუფლებას არ დაუშვია. 

 

,,ოცნება" ,,ნაციონალური მოძრაობის" სიაზე

ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი პარტიული სიას ქართულ ოცნებაში აფასებენ. მმართველი პარტიის ლიდერების თქმით, მათ დაზიანებული ადამიანებისგან შემდგარი სია წარადგინეს. ქართული ოცნების წევრებისთვის გაუგებარია, რა ნიშნით მოხვდნენ კონკრეტული ადამიანები ენმ-ს სიაში. ირაკლი კობახიძემ პარტია ფაშისტებს შეადარა, მამუკა მდინარაძემ კი ნაციონალური მოძრაობის დასახასიათებლად აფორიზმი „ვეფხისტყაოსნიდანაც" მოიშველია. 

 

სააკაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის" სიაზე

მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაზე საუბრობს. ექსპრეზიდენტმა ვიდეომიმართვა FACEBOOK გვერდზე გამოაქვეყნა.

მისი თქმით, სიაში მოხვდა ისეთი ხალხიც, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს მას აკრიტიკებდნენ. სააკაშვილმა სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის წარდგენაზეც ისაუბრა. 

 

ელენე ხოშტარია ომის ვეტერანებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აფხაზეთის ომის ვეტერანებს შეხვდა. შეხვედრაზე ხოშტარიამ ოკუპაციასა და ამ კუთხით არსებულ პოლიტიკაზე ისაუბრა. ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვეტერანებთან ასევე იმაზე ისაუბრა, თუ რა შეიცვლება მისი პარლამენტის წევრობის შემთხვევაში.

 

გიგი უგულავა ზუგდიდში

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, დევნილების დასახლებაში, ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. გიგი უგულავავას თქმით, დევნილებს აქვთ მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც ემატება ინფრასტრუქტურული პრობლემები. უგულავამ აღნიშნა, რომ დევნილებს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ,  ხოლო ხელისუფლება ამ ადამიანებს არ აქცევს ყურადღებას. უგულავას თქმით, ევროპული საქართველოს გეგმა დევნილებს მოუტანს კეთილდღეობას და გარდამტეხ ცვლილებებს.

 

ნინო ბურჯანაძე ამომრჩეველთან

ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნოდ მთაწმინდის მოსახლეობას შეხვდა. ერთიანი საქართველოს ლიდერმა ამომრჩეველთან შეხვედრისას წინასაარჩევნო არაჯანსაღ გარემოსა და ძალადობაზე ისაუბრა. ბურჯანაძემ მთაწმინდის ამომრჩეველს განუმარტა, რატომ უნდა წავიდეს ყველა მოქალაქე 31 ოქტომბერს არჩევნებზე.

 

გახარია ბრიუსელში 

 

ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული და საარჩევნო რეფორმები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და საქართველოს ახალი როლი შავი ზღვის რეგიონში - ამ საკითხებზე პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიუსელში ვიზიტის დროს ისაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, პოზიტიურად შეფასდა საარჩევნო რეფორმა.


close დახურვა