ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ამბობს, რომ "მიმდინარე საერთაშორისო პირობების გათვალისწინებით, საქართველოსთან ომის ალბათობა, საკმაოდ მაღალია".
არძინბას თქმით, საქართველო კონსულტაციებშია NATO-სთან, ზრდის შეიარაღებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შეძენის კონტრაქტებს და გააქტიურებული ჰყავს დაზვერვა.
არძინბას თქმით, ორშაბათს გაიმართება უსაფრთხოების საბჭო, რომელზეც განიხილავენ "მომზადების საკითხებს ისეთი სცენარებისთვის, რომლებსაც, სამწუხაროდ, სავარაუდოდ შესაძლებლად მიიჩნევენ".
"საქართველოს ხელისუფლება, ერთი მხრივ აკეთებს გარკვეულ განცხადებებს, მეორე მხრივ ჩვენ ვუყურებთ საქმეებს, რომლებიც მდგომარეობს შემდგომში, რომ იზრდება საიერიშო იარაღისა და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების კონტრაქტები, მიმდინარეობს კონსულტაციები NATO-სთან, აქტიურად მუშაობს დაზვერვა, მათ შორის NATO-ს ქვეყნები და მათი სადაზვერვო სტრუქტურები ეხმარებიან მათ ამაში. ჩემს ბოლოდროინდელ გამოსვლაში ვსაუბრობდი, რომ სადაზვერვო სტრუქტურები ძალიან აქტიურად მუშაობენ და ცდილობენ აქ ინფორმაცია შეაგროვონ.
მიმდინარე საერთაშორისო პირობების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით რაც ხდება უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსთან ომის ალბათობა, შეიძლება ითქვას, საკმაოდ მაღალია, სამწუხაროდ", - ამბობს არძინბა.
15 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში განაცხადეს, რომ "მეორე ფრონტის" შესახებ პლებისციტის ჩატარებაზე განცხადება შეშფოთებას იწვევს. პლებისციტზე ისაუბრა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელმაც მოგვიანებით განმარტა, რომ ეს სარკაზმი იყო.
ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე ითქვა, რომ აფხაზეთი თვალს ადევნებს რეგიონში არსებულ ვითარებას, მათ შორის საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებს.