logo
ENG



ატლანტიკური საბჭო საქართველოსთვის მხარდაჭერის აქტის მისაღებად სენატს მიმართავს

18 ივნ 202020:15
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი ანალიტიკოსები საქართველოში წინასაარჩევნოდ რუსეთის ჩარევის გაზრდის საფრთხეს ხედავენ. ატლანტიკური საბჭო სენატს მიმართავს და საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებისკენ მოუწოდებს. გავლენიანი ცენტრი მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდა, კიბერშეტევა და გავლენების გაფართოების მცდელობა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ კიდევ უფრო გაძლიერდება და სწორედ ამიტომ საჭიროა, ვაშინგტონმა აქტიურად იმოქმედოს.

კანონპროექტი კონგრესის ქვედა პალატამ  გასული წლის ოქტომბერში მიიღო და ახლა სენატის გადაწყვეტილებას ელოდება - ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილის მთავრობამ ნაბიჯები არ გადადგა სენატში აქტის დამტკიცების დასაჩქარებლად. თბილისში ფიქრობენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან დაახლოების სანაცვლოდ, ქართული ოცნების პოლიტიკამ ქვეყანა ამერიკული დემოკრატიის სტანდარტებს უფრო დააშორა.

საქართველოს მხარდამჭერი აქტი კონგრესის ქვედა პალატამ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მიიღო. თუმცა ამ პროექტს, კანონად ჩამოყალიბებამდე სენატში დამტკიცება და პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება. შეუძლია თუ არა საქართველოს მთავრობას, ჰქონდეს უფრო აქტიური კომუნიკაცია ამერიკის სენატთან და ხელი შეუწყოს ზედა პალატაში მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქტის დამტკიცებას. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ აქტის მიღება სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული. მათ შორის კოვიდ 19-ის პანდემიაზე.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში, სადაც თვლიან, რომ აქტის დროულად მიღების მექანიზმი არსებობს.

ამერიკელი ანალიტიკოსი, რიჩარდ უეითზი ამბობს, რომ რუსეთი უკვე დაკავებულია იმ ქმედებებით, რომლებიც მის სამეზობლოში ქვეყნებს სერიოზულ გამოწვევებს უქმნიან. მათ შორის არჩევნებში ჩარევით. ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი თბილისს და ვაშინგტონს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობაზე  საუბრობს.

საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში მოსალოდნელ რუსულ აგრესიაზე რამდენიმე დღის წინ, ფორმულასთან ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, დევიდ ქრეიმერმაც ისაუბრა. მან თქვა, რომ საქართველოს მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება მოსკოვიდან წამოსული სხვადასხვა სცენარისთვის უნდა იყოს მზად.

 

 


close დახურვა