ატოცში დღევანდელმა დღემ მშვიდად ჩაიარა. ყოველდღიური დაძაბული და არასტაბილური მდგომარეობის შემდეგ, საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლები დღეს არ გამოჩენილან. ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტები ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნნენ. დავით ქაცარავას ინფორმაციით, დღემ მშვიდად ჩაიარა ჩორჩანა-წაღვლის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
ერთდღიანი სიმშვიდის მიუხედავად, კვლავ დაძაბული რჩება მდგომარეობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში. ის, რომ ვითარება კრიტიკულია, შინაგან საქმეთა მინისტრმაც აღიარა. ვახტანგ გომელაურის განცხადების თანახმად, ქართული მხარე ვერც ადგილობრივების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სწორედ ეს და გომელაურის სხვა განცხადებები მისი კრიტიკის მიზეზი გახდა. ანალიტიკოსები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით უფრო მკაცრი რეაგირება მოახდინოს.
პრაგმატული პოლიტიკა კრიტიკის მთავარი საფუძველია ოპოზიციისთვისაც. მათ არ აქვთ იმედი, რომ მმართველი გუნდი პოზიციას შეიცვლის, რადგან, მათი თქმით, ამ გზით ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებს.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები და შეფასებები აქვთ მმართველი გუნდში. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ არსებულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი სწორედ ხელისუფლების პოლიტიკაა.
ხვალ, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდგომარეობაზე იმსჯელებენ. დახურულ ფორმატში დაგეგმილ შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.