logo
ENG



აუდიტი: 2018-2020 წლებში ეროვნულმა მუზეუმმა ₾148 250-მდე შემოსავლის პოტენციალი დაკარგა

05 თებ 202214:22
3 წუთის საკითხავი
 
აუდიტი: 2018-2020 წლებში ეროვნულმა მუზეუმმა ₾148 250-მდე შემოსავლის პოტენციალი დაკარგა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის 2018 - 2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. 

როგორც სამსახური წერს, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვა/დაცვა

ეროვნულ მუზეუმში არ არის დასრულებული ფონდების აღრიცხვა-შეჯერების პროიცეს

რიგ შემთხვევაში დარღვეულია სამუზეუმო ექსპონატების დროებით გამოფენაზე გატანის ვადები

ზოგიერთი სამუზეუმო ფონდი (საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიული კოლექციის იარაღის, რკინისა და ტყავის ფონდები) არ აწარმოებს ექსპონატების აღრიცხვის საინვენტარო წიგნებს, ხოლო ზოგიერთი აღნიშნულ წიგნებს აწარმოებს არასრულყოფილად. კერძოდ, წიგნებში არ არის შეტანილი საინვენტარო ნომრები, რის გამოც შეუძლებელია კონკრეტული ექსპონატის იდენტიფიცირება

რიგ შემთხვევაში სამუზეუმო ექსპონატები განთავსებულია არასათანადო პირობებში (სხვენი, სარდაფი). ზოგიერთი ფონდსაცავი არ არის აღჭურვილი სათანადო ვენტილაცია-კონდიცირების სისტემით, რაც ქმნის ექსპონატების დაზიანების პირობებს.

ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების მართვა

რიგ შემთხვევებში ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემაზე გაფორმებული სახელშეკრულებო ღირებულებები არ შეესაბამება დადგენილ ტარიფებს. შედეგად, ეროვნულმა მუზეუმმა 2018 – 2020 წლებში დაკარგა, დაახლოებით, 90 750 ლარიდან 148 250 ლარამდე შემოსავლის მიღების პოტენციალი. აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა დადგენილი ტარიფებისაგან განსხვავებული სახელშეკრულებო ღირებულების განსაზღვრის სარწმუნო მტკიცებულებები

საიჯარო ხელშეკრულებებიდან შვიდ შემთხვევაში კომუნალური ხარჯების აღრიცხვისა და გადახდის ვალდებულება მოიჯარის მიერ არ შესრულებულა და ანაზღაურება განხორციელებულია ეროვნული მუზეუმის მიერ.

შრომის ანაზღაურება

საშტატო ერთეულებზე დასაქმებული თანამშრომლების ნაწილი, შინაგანაწესით დადგენილი ნორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში, თანამდებობრივი პოზიციით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის იღებს როგორც თანამდებობრივ სარგოს, ისე დამატებით ანაზღაურებას. დამატებითი ანაზღაურების გაცემის საფუძველია ვადიანი შრომითი ხელშეკრულება. ასეთი სახის დამატებითმა ანაზღაურებამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 269 288 ლარი (საკუთარი სახსრებიდან). ამ სახით დამატებითი კომპენსაციის გაცემა წარმოადგენს კანონმდებლობასთან შეუსაბამო გადაწყვეტილებას. ნორმირებულ დროში ამ სამუშაოს შესრულებისთვის მოხელეს კომპენსაციის სახით ეკუთვნის მხოლოდ თანამდებობრივი სარგო.

სახელმწიფო შესყიდვების მართვის ნაკლოვანებები

კონკურენციის შეზღუდვა

2018 წლის 8 ნოემბერს ავეჯის დამზადება-მიწოდებაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის პირობებით, განსაზღვრული იყო მიწოდების შემჭიდროებული ვადა (5 სამუშაო დღე), რამაც შეზღუდა შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მსურველთა წრე. შედეგად, ტენდერში მონაწილეობა მიიღო ერთმა კომპანიამ, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება სავარაუდო ღირებულების იდენტური ღირებულებით

2019 წლის 16 ოქტომბერს მუზეუმმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი მუზეუმის არქეოლოგიური საცავის სახურავისა და კედლების რეაბილიტაციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნის თანახმად, პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა ანალოგიური, მათ შორის, სამუზეუმო და საცავის ტიპის ნაგებობების გადახურვის გამოცდილება. აღნიშნული სამუშაოები განეკუთვნება სტანდარტულ ბრტყელი გადახურვის სამუშაოებს, კერძოდ, შესრულებულია ლითონის ბადის, ზედაპირის ჰიდროიზოლაციის, იატაკის და ახალი ბაზალტის ფილების მოწყობა, რაც არ საჭიროებს სპეციალურ გამოცდილებას და მისი განხორციელება სამუზეუმო სივრცეებში არ გამოირჩევა განსაკუთრებული თავისებურებებით. შეზღუდული მიწოდების ვადის და შესყიდვის საგნის მიმართ არაპროპორციული, არარელევანტური საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბებით, შეიზღუდა კონკურენცია და შედეგად გაიზარდა საჯარო სახსრების არარაციონალურად ხარჯვის რისკი.

შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის რისკები - ორ შემთხვევაში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 2019 წელს სხვადასხვა დაფინანსების წყაროდან (საბიუჯეტო, საკუთარი), ჯამში შესყიდული ერთგვაროვანი საქონლის ღირებულება აღემატებოდა გამარტივებული შესყიდვის გამოყენებისთვის დადგენილ   მონეტარულ ზღვარს (5000 ლარი). შესყიდვის საშუალების შერჩევისას, მონეტარული ზღვარი მიბმულია ერთ დაფინანსების წყაროსთან და მოცემულ შემთხვევებში არ დაფიქსირებულა ფორმალური კანონშეუსაბამობა. დადგინდა, რომ დაგეგმვის ეტაპზე ზუსტად იყო შესაძლებელი საჭირო რაოდენობის საქონლის განსაზღვრა და არსებობდა ამ რაოდენობის საქონლის შესყიდვის ცალკე აღებული დაფინანსების შესაძლებლობა როგორც საბიუჯეტო სახსრების, ისე საკუთარი შემოსავლების ხარჯზე. აღნიშნული ქმედება შესაძლებლობას მისცემდა მუზეუმს, შესყიდვა განეხორციელებინა ელექტრონული ტენდერის გზით.

შეუსაბამო შესყიდვის საშუალების შერჩევა

2018 წლის 21 მარტს გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით, შესყიდვის საგანი იყო ხელოვნების მუზეუმის შენობის ტექნიკური მდგომარეობის პრევენციული ღონისძიებების (აღდგენა-გამაგრების) სამუშაოების განხორციელება. ფაქტობრივად, ხელშეკრულების ფარგლებში არ ჩატარებულა შენობის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები, განხორციელდა მხოლოდ ხის დამცავი ღობის მოწყობის სამუშაოები, ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ორი თვის შემდეგ

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის N1196 განკარგულების საფუძველზე, მუზეუმს მიეცა უფლება, გამარტივებული შესყიდვით განეხორციელებინა ხელოვნების მუზეუმის ალტერნატიული საცავის მოწყობის, აღჭურვისა და ექსპონატების კონსერვაციისა და გადასატანად მომზადებისათვის საჭირო საქონლისა და სამუშაოების შესყიდვა. ამ საფუძვლით მუზეუმმა გააფორმა 15 ხელშეკრულება, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 422 000 ლარი. აქედან, ოთხი დასახელების (ექსპონატების გადასატანი ყუთები, თაროები და სხვ.) 143 000 ლარის ღირებულების საქონლის შესყიდვისას არ იდგა გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენების აუცილებლობა. შეუსაბამო შესყიდვის საშუალების (გამარტივებული შესყიდვა) გამოყენებით დაიკარგა ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

გამარტივებული შესყიდვა - შესამოწმებელ პერიოდში ეროვნულ მუზეუმს, გამარტივებული შესყიდვის გზით გაფორმებული ცხრა ერთეული ხელშეკრულების საფუძველზე, განხორციელებული აქვს 313 828 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვა.

შესრულებულ სამუშაოებზე წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნებით ვერ დასტურდება მასზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯები. აქედან გამომდინარე, მუზეუმის მიერ მიმწოდებლებისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულება ანაზღაურებულია არა ფაქტობრივი ხარჯის, არამედ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ერთეულის ფასების მიხედვით, რამაც გაზარდა შესრულებული სამუშაოების ზედმეტად ანაზღაურების რისკები.

შრომითი ურთიერთობის ფორმით საპროექტო მომსახურების შესყიდვა - ეროვნული მუზეუმის მიერ 2020 წლის 13 იანვარს არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საგანი იყო დმანისის არქეოლოგიურ ძეგლზე ვიზიტორთა ცენტრის პროექტის კონცეფციისა და სქემატური ნახაზების შექმნა, რის საკომპენსაციოდ საკუთარი შემოსავლების ხარჯზე ანაზღაურდა 60 000 ლარი. საპროექტო მომსახურების შესყიდვა არის არა შრომითი ურთიერთობის, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი და რეგულირდება სამოქალაქო კანონმდებლობით. კერძოდ, აღნიშნული არის სახელმწიფო შესყიდვა და ის უნდა განხორციელებულიყო სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებლობა იძლევა შესყიდვის საშუალებად კონკურსის გამოყენების შესაძლებლობას.


close დახურვა