logo
ENG



აუდიტი: ახალქალაქში ასობით ათასი ლარი დაიხარჯა ობიექტებზე, რომლებიც არ ფუნქციონირებენ

06 თებ 202115:25
3 წუთის საკითხავი
 
აუდიტი: ახალქალაქში ასობით ათასი ლარი დაიხარჯა ობიექტებზე, რომლებიც არ ფუნქციონირებენ
სამხრეთის კარიბჭე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ინფრასტრუქტურული პროექტები

ხარვეზებით მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები - ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ობიექტების შესრულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. გამოვლინდა, რომ 38 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 7,982.6 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღენიშნება სხვადასხვა ხარვეზი და პროექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

გამოუყენებელი ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე დახარჯა 243.5 ათასი ლარი, მიმწოდებლებს დასრულებული აქვთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ ფუნქციონირებს. შედეგად, საბიუჯეტო სახსრები დახარჯულია არაეფექტიანად.

შესყიდვების პროცესის მართვა

შესყიდვების პროცესში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილ პერიოდში შესყიდვა. შედეგად, იძულებული გახდა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეესყიდა 502.6 ათასი ლარის სამუშაოები. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოების შესყიდვისას მერიამ არ გამოაცხადა ტენდერი, რითაც დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. სატენდერო კომისიამ დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია განახორციელა კანონმდებლობის დარღვევით და დაკარგა 9.8 ათასი ლარის სატენდერო ეკონომია. შესყიდვების პროცესის მართვის ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად გაზარდა მიწოდების ვადა, ვერ მიიღო 16.1 ათასი ლარის კუთვნილი საჯარიმო თანხები.

ქონების მართვა და განკარგვა

ქონების განკარგვა არაუფლებამოსილი პირების მიერ/მიუღებელი საიჯარო ქირა - ქონების განკარგვის პროცესი მუნიციპალიტეტში ხასიათდება სისტემური ნაკლოვანებით: ქონების ნაწილს, შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე, იყენებენ არაუფლებამოსილი პირები და ქირას მუნიციპალიტეტს არ უხდიან. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ქონებიდან სარგებელს, მუნიციპალიტეტის ნაცვლად, იღებს სხვადასხვა არაუფლებამოსილი პირი.

ინვენტარიზაციის ხარვეზები - 2019 წელს, მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის აქტივების დაკარგვის, დაზიანებისა და არამართლზომიერი გამოყენების რისკებს.

მოსახლეობის წყალმომარაგება

მოსახლეობის წყალმომარაგებაში არსებული ხარვეზები - მოსახლეობის წყალმომარაგება, ზოგ შემთხვევაში, ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო, სასმელად უვარგისი წყლით, თუმცა მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია აღნიშნულის გამოსასწორებლად. მუნიციპალიტეტს არ განუსაზღვრავს სამოქმედო გეგმა.


close დახურვა