logo
ENG



აუდიტი: გარდაბნის მერიამ წყლის 8 მლნ-იანი პროექტი გაურკვეველი ვადით გაახანგრძლივა

06 თებ 202115:47
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები:

ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის პრობლემები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 54.2% და 18.1% დააკლდა.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები - ინფრასტრუქტურული პროექტების კონტროლის სისუსტის შედეგად, მუნიციპალიტეტში, ზოგ შემთხვევაში, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია. ერთ შემთხვევაში, 8 მლნ ლარის ღირებულების პროექტის დასრულების ვადა გახანგრძლივდა და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება გადაიდო გრძელვადიან პერიოდში. მუნიციპალიტეტს არ შეუსწავლია პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები ზიანის ასანაზღაურებლად.

სახელმწიფო შესყიდვების მართვა

სატენდერო ხარვეზები - სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, კონტროლის სისუსტის გამო, მუნიციპალიტეტმა პრეტენდენტების მიმართ დაადგინა ისეთი მოთხოვნა, რომლის დაწესება არ გამომდინარეობდა მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან და მისი დაცვა არ აუმჯობესებდა შემსყიდველის მდგომარეობას. გარდა ამისა, კომისიას მიმწოდებლების შერჩევა-შეფასების ეტაპზე, პრეტენდენტების მიმართ გააჩნდა არაერთგვაროვანი მიდგომა. აღნიშნულის გამო, რამდენიმე შემთხვევაში დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტებს მისცეს დისკვალიფიკაცია. შედეგად, შესყიდვის ღირებულება 117.3 ათასი ლარით გაიზარდა, რაც არაეკონომიურად განკარგულ საბიუჯეტო რესურსს წარმოადგენს;

გამარტივებულ შესყიდვებში არსებული შეუსაბამობები - გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, 7,932.6 ათასი ლარის ღირებულების ობიექტები ჩაბარებულია და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და იწვევს თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკს.

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები

მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობაში არსებული ხარვეზები - დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ თანამშრომელთა საშტატო რიცხოვნობა საჭიროებებთან შედარებით, მაღალია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა აღემატება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილ ზღვრულ ნორმას.

ქონების მართვა და განკარგვა

ინვენტარიზაციის ხარვეზები და მიუღებელი საიჯარო ქირა - მუნიციპალიტეტში არ ჩატარებულა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ინფორმაცია რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ. გარდა ამისა, ქონების განკარგვის პროცესში არსებული სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად ადმინისტრირება. შედეგად, მუნიციპალიტეტი კარგავს ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

სატრანსპორტო საშუალებების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 84 ერთეულით აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს საბიუჯეტო ასიგნებების არაეკონომიურ და არარაციონალურ ხარჯვას;

საკონსულტაციო მომსახურების შეუსაბამობა - მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული საკონსულტაციო მომსახურებისთვის ხარჯის გაღება, ვინაიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია შრომითი რესურსი და ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება. ამდენად, მერიის მიერ საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეულია არარაციონალური ხარჯი.

საბიუჯეტო პროცესი

საბიუჯეტო ხარვეზები - საბიუჯეტო პროცესის წარმართვაში არსებულმა მართვის სისუსტეებმა,წარმოშვა სხვადასხვა ხასიათის ხარვეზი ბიუჯეტის დაგეგმვაში, დამტკიცებასა და შესრულებაში. შესაბამისად, დარღვეულია საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნები.

შიდა აუდიტი

შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტში კონტროლის გარემო სუსტია, რაც დასტურდება შიდა აუდიტის ფუნქციის არაეფექტიანობით და წინა აუდიტისას გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობით.


close დახურვა