logo
ENG



აუდიტი: თავდაცვის სამინისტროს ანგარიშებზე ნაშთების უზუსტობამ 697 406 534 ლარი შეადგინა

21 აპრ 202118:57
3 წუთის საკითხავი
 
აუდიტი: თავდაცვის სამინისტროს ანგარიშებზე ნაშთების უზუსტობამ 697 406 534 ლარი შეადგინა

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობამ ჯამურად 697,406,534 ლარი შეადგინა.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში გამოვლინდა ნაკლოვანებები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგების უტყუარ და სამართლიან წარდგენას. 

კერძოდ: 

ჯლუსის (ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის) სარდლობის ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს მთლიანად თავდაცვის ძალების აქტივების კონტროლი და აღრიცხვა. იგი ვალდებულია გააკონტროლოს და აღრიცხოს როგორც საკუთარი სარდლობის, ასევე სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის უძრავ-მოძრავი ქონება და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები. აღნიშნული კი ხორციელდება მხოლოდ მონაცემთა რაოდენობრივი შედარების გზით. შესაბამისად, თანხობრივი მონაცემების კონტროლი ჯლუსის მიერ არ ხორციელდება.

სარდლობებსა და ბრიგადებში ბუღალტერ-აღმრიცხველები აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვას აწარმოებენ 2 განსხვავებული ფორმით: აღრიცხვის ჟურნალებში რაოდენობრივად და EXCEL-ის ფორმატში თანხობრივად (აქტივების მიღება-გასვლის ოპერაციები).

აქტივების დიდი ნაწილი მხოლოდ რაოდენობრივად არის აღრიცხული 1994 წელს დამტკიცებული სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომელიც არ არის შესაბამისობაში აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან. ამასთანავე, განსხვავებული ფორმატისა და არაიდენტიფიცირებული მონაცემების გამო, რაოდენობრივი აღრიცხვისა და თანხობრივი ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება პრაქტიკულად შეუძლებელია. 

ფინანსების მართვის დეპარტამენტში სამხედრო ქვედანაყოფებიდან მიღებული ფინანსური ინფორმაცია აღირიცხება მხოლოდ ყოველთვიური ჯამური თანხით.

შესაბამისად, სარდლობებისა და ქვედანაყოფების დონეზე სააღრიცხვო მონაცემები არაინფორმაციულია, ხოლო ფინანსების მართვის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად ვერ ხორციელდება ეკონომიკური მოვლენების კონტროლი. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ სარდლობებისა და მათი ქვედანაყოფების მიერ სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში და ჯლუსში დამოუკიდებლად (ინდივიდუალურ დონეზე) წარმოდგენილი აქტივების რაოდენობრივი მონაცემები და აქტივებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინფორმაცია, ვერ უზრუნველყოფს ურთიერთშესადარისობასა და სანდოობას.

კერძოდ, სამხედრო ქვედანაყოფების სააღრიცხვო ინფორმაციაში მოცემული საბალანსო ანგარიშების ნაშთები არსებითად განსხვავდება მათ შესახებ ფინანსების მართვის დეპარტამენტში არსებული ნაშთებისაგან. სამინისტროს განმარტებით, 2020 წელს განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები მონაცემებს შორის სხვაობების შემცირების მიზნით და აღნიშნული უზუსტობების ჯამური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. აღნიშნული მიმართულებით პრობლემის გამოსწორების მიზნით, ინტენსიურად გრძელდება სამუშაო პროცესი.

სამინისტროს არ აქვს დეტალურად შესწავლილი ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობის გამომწვევი მიზეზები, თუმცა აღსანიშნავია, რომ უზუსტობები ძირითადად გამოწვეულია აღრიცხვა- ანგარიშგების პროცესის ნაკლოვანებებით და არაერთგვაროვანი მიდგომების გამოყენებით.

ამასთან, ხშირ შემთხვევაში არ არის დროული და ეფექტიანი კომუნიკაცია სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ქვედანაყოფებსა და სამინისტროში ეკონომიკური მოვლენები აისახება სხვადასხვა პერიოდში. 

2019 წლის დეკემბრის თვეში გრანტის სახით მიღებული 4,758,776 ლარის სატრანსპორტო საშუალებები, ქვედანაყოფის მიერ აღრიცხულია დაგვიანებით, 2020 წლის თებერვალში 

ზოგიერთ შემთხვევაში, სამინისტროს მიერ თანხობრივად აღრიცხულია ისეთი აქტივები, რომლებიც განბაჟებული არ არის, ხოლო ქვედანაყოფები ასეთ აქტივებს აღრიცხავენ მხოლოდ რაოდენობრივად. მაგალითად, 2019 წელს ქვედანაყოფების მიერ მიღებული 3,734,819 ლარის16 ღირებულების განუბაჟებელი აქტივები, თანხობრივად აღრიცხული არ არის. 

II ქვეით ბრიგადას 2018 წლის აგვისტოში გადაეცა 1,603,967 ლარის სათადარიგო ნაწილები, რომელიც ბრიგადის მიერ აღრიცხულია მხოლოდ რაოდენობრივად. 

ერთ-ერთ კომპანიასთან არსებული დებიტორული დავალიანება, ღირებულებით 39,280 ლარი, ჩამოწერილია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, კომპანიას დაევალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივების სამინისტროსთვის მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ მიმწოდებელს დაკისრებული ვალდებულება არ შეუსრულებია, სამინისტროს მიერ მოხდა აღნიშნული დავალიანების ჩამოწერა და აქტივების შემოსავლებში აღრიცხვა, ხოლო ქვედანაყოფის მიერ მარაგები მიღებული და შესაბამისად აღრიცხული არ არის.

საინჟინრო ბრიგადამ 2019 წელს სამხედრო სისტემებს დაარიცხა 1,936,540 ლარის ცვეთა, თუმცა სამინისტროს არ აქვს შემუშავებული და დამტკიცებული აღნიშნული კატეგორიის ქონებაზე ცვეთის ნორმა. მონაცემთა სხვაობის მიზეზები დაკავშირებულია სააღრიცხვო პოლიტიკის არარსებობასთან და რიგ შემთხვევებში ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე პასუხისმგებელი პირების კომპეტენციასთან.


close დახურვა