logo
ENG



აუდიტი: ნოქალაქევის რეაბილიტაციაზე სამუშაოების შესასრულებლად ზედმეტად 277 ათასია გადახდილი

03 იან 202413:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/03/cnn6s7uehfb9lr6.jpg

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 2018-2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, შესრულებულ სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვა ხელოვნურად არის გაზრდილი.

ანგარიშის თანახმად, სამუშაოთა შემსრულებლებისათვის ზედმეტად არის ანაზღაურებული ჯამურად 527.0 ათასი ლარი, მათ შორის: ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე - 277.8 ათასი ლარი, ოპერის თეატრის რეაბილიტაციის სამუშაოებზე - 228.4 ათასი ლარი და გრაკლიანი გორის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო სივრცის მოწყობის სამუშაოებზე - 20.8 ათასი ლარი.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, სააგენტო არ აწარმოებს ბაზრის სათანადო კვლევას, რამაც განაპირობა შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულებების არასწორად განსაზღვრა. შედეგად, უკონკურენტო პირობებში გაიზარდა საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკი.

"საინჟინრო, არქიტექტურული და არქეოლოგიური მომსახურებების შესყიდვებთან დაკავშირებით (როგორც ტენდერების და კონკურსების, ასევე შესყიდვის გამარტივებული საშუალების გამოყენების შემთხვევებში), ვერ იქნა წარმოდგენილი ბაზრის კვლევის დოკუმენტები - შესაბამისად უცნობია, რას ეფუძნებოდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები. არქეოლოგიური მომსახურებების შესყიდვების სავარაუდო ღირებულებები განსაზღვრულია სააგენტოს არქეოლოგიის სამსახურის მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, რომლებსაც არ ახლავს ბაზრის კვლევის შედეგები და ღირებულებების რესურსული გაანგარიშებები", - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

დასკვნის თანახმად, ტენდერების უმრავლესობაში მონაწილეობა მიღებული აქვს ერთ პრეტენდენტს და გამარჯვებული გამოვლენილია სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებებით, კონკრეტულად:

შერჩეული ხელშეკრულებების მიხედვით, რომელიც გაფორმდა ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში უკონკურენტო პირობებში გამარჯვებულ მიმწოდებელთან, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებები და შესაბამისად, საკონტრაქტო ფასები გაზრდილია 422.4 ათასი ლარით; ასევე ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა სააგენტოს მიერ წარმართულია არათანმიმდევრულად, რითაც წარმოიშვა ერთი და იმავე სახის მომსახურებების ორმაგად ანაზღაურების რისკი

უჯარმის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია-კონსერვაციის სამუშაოების შესყიდვისას, სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, არსებობდა 72.2 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა

დასკვნაში წერია, რომ სააგენტოს მხრიდან, პრეტენდენტების მიმართ საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბებისას, ადგილი ჰქონდა არათანაბარ მიდგომას. ამასთანავე, რიგ შემთხვევებში სატენდერო პირობებით განსაზღვრული იყო ისეთი სახის მოთხოვნები, რომლებიც შესყიდვის ობიექტის თავისებურების და მოცულობის გათვალისწინებით, არ იყო კვალიფიკაციის დადასტურების პროპორციული.

"კერძოდ, ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის დროს, პერსონალის გამოცდილებასთან ერთად, მოთხოვნილი იყო კომპანიის გამოცდილებაც მაშინ, როდესაც პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდა მხოლოდ პერსონალის გამოცდილებას. ასევე, პერსონალის მიერ წარსადგენ CV-ებზე, დამატებით, მოთხოვნილი იყო არარელევანტური პირების ხელმოწერები. აღნიშნულმა შეზღუდა ერთი მხრივ, ტენდერებში პოტენციურ მიმწოდებელთა მონაწილეობა, ხოლო მეორე მხრივ, დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამარჯვება და შედეგად, 193.2 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა", - ნათქვამია დასკვნაში.


close დახურვა