ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები მოსკოვის გზავნილია საქართველოსთვის, რომ შემდეგი ის იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო ამ დრომდე რუსეთის პოლიტიკის მძევალია.
აუსტრევიჩიუსმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, დასავლეთის რეაქციებსა და საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
კითხვაზე, თუ რა გავლენა ექნება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოზე, მან აღნიშნა, რომ შესაძლოა, საქართველო რუსეთის შემდეგი სამიზნე მოკლე ვადებში გახდეს.
„საქართველო რუსეთის პოლიტიკის მძევლად რჩება - მძევლად ოკუპირებული ტერიტორიებისა. ვფიქრობ, ის რაც უკრაინაში ხდება, მოსკოვის გზავნილია საქართველოსთვის: როცა უკრაინას მოვრჩებით, თქვენი ჯერიც დადგება. შემდეგი შეიძლება საქართველო იყოს, შეიძლება სწორედ საქართველოს საზღვრებთან ვნახოთ რუსული დანაყოფების კონცენტრაცია და ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს - უკრაინა საქართველოზე ლამის ათჯერ დიდია და, როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა, ჯერ ყველაზე დიდი და მსუყე ნაჭრით დაიწყოს" - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
აუსტრევიჩიუსმა ასევე განაცხადა, რომ ევროპა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების კუთხით საქართველოს მხრიდან წინააღმდეგობებს აწყდება, რისი მიზეზიც, მისი აზრით რუსეთი და აღმოსავლეთ ევროპაში კრემლის "მეხუთე კოლონაა".
ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ვერ ხედავს მზაობას, უერთგულონ ევროპულ გზას და საქართველო აღარ არის დემოკრატიის გაძლიერების მაგალითი.
"მმართველი ძალის განცხადებები კი ევროპის პერსპექტივას ეწინააღმდეგება. მზარდ წინააღმდეგობას ვაწყდებით პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მიმართ. ხშირად ეს გარე ფაქტორებითაა განპირობებული, რუსეთის ჩარევით - ვფიქრობ, კრემლს ძლიერი მეხუთე კოლონა ჰყავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, მმართველ პარტიაში არიან სხვადასხვა ადამიანები, რომელთაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ მთლიანობაში, ვერ ვხედავთ მმართველი ძალის სრულ მზაობას, საქმე ევროპული გზისადმი ერთგულებით აკეთონ. ისინი აცხადებენ, რომ ევროკავშირი მათ დღის წესრიგშია, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს დღის წესრიგი ძალიან პოლიტიზებული და ინდივიდუალურია, და არ შეესაბამება ევროპულ აღქმას, თუ როგორ უნდა კეთდებოდეს საქმე.
ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო აღარ არის დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საუკეთესო მაგალითი, რაც, თავის მხრივ, შიდა პოლიტიკისადმი ნდობას არ აძლიერებს. ვწუხვარ, მაგრამ მომიწევს თქმა, რომ ქართული ე.წ. ლიდერშიპის განცხადებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ევროპულ პრაქტიკას" - განაცხადა აუსტრევიჩიუსმა
აუსტრევიჩიუსს სთხოვეს შეეფასებინა ქართული ოცნების მხრიდან ევროპარლამენტარების მიმართ გაკეთებული განცხადებები, რომლის ერთ-ერთი მაგალითი ირაკლი კობახიძის მხრიდან ლიეტუველი ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩენეს ნაც.მოძრაობის ლობისტად მოხსენიებაა. პეტრას აუსტრევიჩიუსი ამგვარ განცხადებებს უცნაურს, მიკერძოებულსა და პოლიტიზებულს უწოდებს.
"პირველი შემთხვევა არაა და, სავარაუდოდ, არც უკანასკნელი, როდესაც რომელიმე ქართველი ჩინოვნიკი უცნაურ, მიკერძოებულ და პოლიტიზებულ განცხადებას აკეთებს. წარმატებებს ვუსურვებ მას, მაგრამ არ მსურს, მისი პოლიტიკური ნარატივის წარმატებას შევუწყო ხელი [ამ საკითხზე მსჯელობით]" - განაცხადა ევროპარლამენტარმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.