ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან. ის მოუწოდებს ოცნებას, ამას უფრო ფართო ჭრილში შეხედოს.
აუსტრევიჩუსის თქმით, სააკაშვილი პუტინის რუსეთისთვის მტერია, აქედან გამომდინარე კი, "პუტინი ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია ზეწოლისთვის".
"ნებისმიერი კარგი ინიციატივა, ნებისმიერი რეფორმა და ცვლილება საქართველოში, პუტინის აზრით, არის საფრთხე ავტოკრატიული რუსეთისთვის. ევროპული ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, ნიშნავს ცვლილებას, პოლიტიკურ პლურალიზმს, ეკონომიკურ განვითარებას და ცხოვრების დონის ამაღლებას, რაც პუტინისთვის დაუშვებელია. მას სურს ზეწოლა, გავლენა და კონტროლი საქართველოზე. სააკაშვილი პუტინის რუსეთისთვის მტერია, ამიტომ პუტინი აკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია ზეწოლისთვის და ამას აკეთებს პირდაპირ და ირიბადაც. ძალიან სერიოზული ვითარებაა და გულგრილი ვერ დავრჩებით, ვერ დავივიწყებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია ასეთ ცუდ ვითარებაში, რომელიც კიდევ უფრო უარესდება. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და ალბათ, სიცოცხლეც, განუყოფელი ნაწილია ევროკავშირის რეკომენდაციების. ვერ წარმომიდგენია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები მოისურვებენ რაღაც ფორმალობების მოსმენას, როდესაც სულ უფრო და უფრო უარესს ცნობებს ვიღებთ საავადმყოფოდან, სადაც ის იმყოფება. საქართველოს ხელისუფლებამ ამას უფრო ფართო ჭრილში უნდა შეხედოს და დაივიწყოს პოლიტიკური შურისძიება", - თქვა აუსტრევიჩუსმა.
ევროპარლამენტში დღეს გაიმართა დისკუსია თემაზე: "პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მურზა, გორინოვი და მიხეილ სააკაშვილი". დისკუსიას ევროპარლამენტარებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
დისკუსიის ფარგლებში ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილის გავლენებზეც ისაუბრეს. პეტრას აუსტრევიჩუსმა აღნიშნა, რომ "საუბარი თბილისზე აღარ მოქმედებს, ამიტომ საჭიროა დაიწყოს ქმედებები, მეტი ზეწოლა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალურ წევრებსა და ივანიშვილზე, რომელიც საკვანძო ფიგურაა".
ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ბიძინა ივანიშვილი მოლდოველ ოლიგარქ პლახოტნიუკს შეადარა და თქვა, რომ დარწმუნებულია, ბიძინა ივანიშვილსაც ისე ჩამოაშორებენ პოლიტიკური სცენიდან, როგორც ეს პლახოტნიუკს დაემართა, რომელიც "მოლდოვის შიდა სიტუაციაზე ძალიან ცუდად მოქმედებდა".