საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უმაღლესი პროფესიონალიზმი გამოიჩინა და ქვეყანას უმძიმესი დანაშაული ააცილა თავიდან.
სამინისტროში აცხადებენ, რომ აუცილებელია დადგინდეს, ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი და ქვეყანას თავიდან ააცილა უმძიმესი დანაშაული, რომელიც, სავარაუდოდ მიმართული იყო არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე, არამედ მიზნად ისახავდა მძიმე შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის.
ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. სახელმწიფო იცავს თოთეული მოქალაქის სიცოცხლის უფლებას და კანონის უზენაესობას. ველოდებით გამოძიების შედეგებს, აუცილებელია დადგინდეს თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია.
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ქვეყანა, როგორც დემოკრატიული პრინციპების გარანტორი აუცილებლად უზრუნველყოფს ამას“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
„ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ფორმულას" ინფორმაცია დაადასტურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.