აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ადასტურებს, რომ მისი გატაცება ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იყო.
ინფორმაცია მან ფორმულას მას შემდეგ დაუდასტურა, რაც სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, შესაბამისი კადრები კი წაშალეს.
"ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით გამიტაცეს. ამაში ერთობლივად იყვნენ ჩართული უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიცია, სასაზღვრო სამსახური და საბაჟო სამსახური, კონკრეტულად კი ლაგოდეხის გამშვები პუნქტი. 4 სახელმწიფო უწყება, ივანიშვილისა და მაშინდელი პრემიერის, კვირიკაშვილის ნებართვის გარეშე, ვერ გააკეთებდა. ასევე მქონდა ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ ამისთვის ძალიან დიდი თანხა, 3 მილიონი დოლარი მიიღო. აზერბაიჯანული მხრიდან ეს თანხა სასაზღვრო სამსახურმა გასცა, საქართველოს მხრიდან კი უსაფრთხოების სამსახურმა აიღო", - ამბობს მუხთარლი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ითხოვს, რომ სოსო გოგაშვილმა ოფიციალური ჩვენება მისცეს პროკურატურას და არ გამორიცხავს, რომ გოგაშვილის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას ციხეში, რადგან მისივე თქმით, გოგაშვილს ბევრი ინფორმაცია აქვს ბიძინა ივანიშვილის დანაშაულების შესახებ.
გარდა ამისა, ჟურნალისტის თქმით, სურს თბილისში ჩამოსვლა და ამისათვის ევროკავშირსა და ევროპარლამენტს გარანტიებს სთხოვს, რადგან მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ერთხელ უკვე შეუქმნა წინაღობა და ქვეყანაში არ შემოუშვა.
"მოვითხოვთ, რომ სოსო გოგაშვილმა ოფიციალური ჩვენება მისცეს პროკურატურას და მოვითხოვთ მის დაცვას, რომ ის ციხეში არ მოკლან. მან ძალიან ბევრი რამ იცის ივანიშვილის დანაშაულების შესახებ, მინდა ჩამოვიდე თბილისში და თვითონ მივიღო მონაწილეობა პროცესში, თუმცა პრობლემა ისაა, რომ საქართველოში არ მიშვებენ. ამიტომ მივმართავ ევროკავშირს, ევროპარლამენტს, მომცენ გარანტია, რომ თბილისში ჩამოსვლას შევძლებ", - ამბობს მუხთარლი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც ილჰამ ალიევის ოჯახის კორუფციულ სქემებს იძიებდა და ამის გამო იდევნებოდა, თავს ოჯახთან ერთად საქართველოს აფარებდა. 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ ის თბილისიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს. 2 დღის შემდეგ გაირკვა, რომ მუხთარლი აზერბაიჯანში დაკავებული ჰყავდათ, მისი პასპორტი კი ცოლს, ლეილა მუსტაფაევას სახლში ჰქონდა.
ქართულ მხარეს მომხდარი დღემდე არ გამოუძიებია. 2022 წლის 21 აპრილს მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.