logo
ENG



აფრიკის მაცხოვრებელი: კალაძე იმეორებს, რომ მამაჩემს აქვს ქონება, მასთან ურთიერთობა არ მაქვს

16 დეკ 202020:26
3 წუთის საკითხავი
 

აფრიკის დასახლების მაცხოვრებელი თბილისის მერს, კახა კალაძეს ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მამასთან ურთიერთობა წლებია არ აქვს. მანამდე თბილისის მერმა მასზე განაცხადა, რომ მის მამას აქვს ნაკვეთი ქარელის რაიონში, დედა კი ინდმეწარმეა. მოქალაქემ მერს თბილისის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე უპასუხა: 

"კალაძე გამოსულა და ისევ იგივეს იმეორებს, რომ მამაჩემს აქვს გაფორმებული რაღაც 1 600 კვადრატული მეტრი, 32 წელია მამაჩემთან მე ურთიერთობა არ მაქვს, შეხება არ მაქვს. დედაჩემს ჰქონდა ინდ. მეწარმეობა, ეგეც 5 წლის წინ, რაღაც კაფე-ბარი ჰქონდა, ჩემზე უნდა გამეკეთებინა და ვერ გავაკეთე და 1 თვეში დავხურეთ, ვერ ვამუშავეთ". 

დღეს, 16 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ 6 ადამიანის სახელისა და გვარის ინიციალები ჩამოთვალა და თქვა, რომ ამ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების სახელებზე რეგისტრირებულია სახლები თბილისსა და რეგიონებში, ასევე მიწები და მოძრავი ქონება.

"ეს უბრალოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული სურათი, თუ რასთან გვაქვს საქმე. ამ ფაქტებს სჭირდება სრულყოფილი მოკვლევა, სიღრმეებში შესვლა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერიამ გუშინ, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს. 

კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებთა დაკავშირებით გუშინ რამდენჯერმე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი მერობის პერიოდში სახელმწიფო ქონების მიტაცებას არ დაუშვებს. მისივე მტკიცებით, მათ მიერ დანგრეულ შენობებში ხალხი არ ცხოვრობდა.

აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი სალხს იშენებდნენ და ახალ წლამდე გადასვლას გეგმავდნენ. მათი ნაწილის თქმით, ქუჩაში რჩებიან და წასასვლელი არ აქვთ, აქამდე კი ქირით და ნათესავებთან ცხოვრობდნენ. ოჯახები, რომელსაც უკვე აშენებული აქვთ სახლები, ამბობენ, რომ ეშინიათ, რადგან ფიქრობენ, რომ საცხოვრებელს მათაც დაუნგრევენ.


close დახურვა